ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: მარი-ლუიზა კონჯარია

 

ბოლომდე ბრძოლა წარმატების საწინდარია

მარი-ლუიზა კონჯარია ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის დამხმარე მეცნიერ-თანამშრომელია. ის ბიოქიმიის ფაკულტეტზე პრაქტიკული სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სტუდენტთა ჯგუფებს ექსპერიმენტების ჩატარებაში ეხმარება. მარი-ლუიზა ასევე მონაწილეობს არაერთ პროექტში, რომლებიც ქირალურად აქტიური სხვადასხვა მედიკამენტის ანალიზს ეხება.

2012 წელს მარი-ლუიზამ ფოთის მე-15 საჯარო სკოლა წარჩინებით დაამთავრა, რისთვისაც ოქროს მედალი დაიმსახურა. მეცნიერების და კერძოდ, ქიმიის მიმართ ინტერესი სწორედ სკოლაში სწავლის პერიოდში, ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობისას გაუჩნდა. მას შემდეგ, რაც ქიმიის სიღრმისეულად შესწავლა და ექსპერიმენტების დამოუკიდებლად ჩატარება დაიწყო, მიხვდა, რომ ის მისთვის მხოლოდ საინტერესო სასკოლო საგანს არ წარმოადგენდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა. ბაკალავრის ხარისხი 2016 წელს მოიპოვა. უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზეც ამავე უნივერსიტეტში ისწავლა და 2018 წელს ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო.

ამის შემდეგ, 2019 წელს, მარი-ლუიზამ სადოქტორო პროგრამაზე სწავლა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ქიმიის ინსტიტუტში გააგრძელა. მან დოქტორის ხარისხი უკვე მოიპოვა.

სწავლის პარალელურად მარი-ლუიზა კერძო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, ასევე აქტიურად იყო ჩაბმული თსუ-ს კვლევით პროექტებში.

კარიერის განმავლობაში გადალახულ ყველაზე დიდ გამოწვევად ოჯახთან ერთად გერმანიაში ჩასვლასა და იქ სადოქტორო პროექტზე მუშაობის დაწყებას ასახელებს, რომელიც ხანმოკლე პერიოდში, ორ წელიწად-ნახევარში დაასრულა.

ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად ვიხარჯები. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატების უკან თავდაუზოგავი შრომა და ხშირად მოულოდნელი დამარცხებებია. თუმცა ეს არ უნდა გახდეს დანებების მიზეზი.

პროექტებს შორის, რომლებზეც უმუშავია, მარი-ლუიზა საფრანგეთში მდებარე ორლეანის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კვლევას ასახელებს, რომლის თემაა - ქირალური სულფოქსიდების დაყოფის შესწავლა ზეკრიტიკული სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით და აბრაჰამის დისკრიპტორები. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილეობა, რომელიც ქირალური ციკლური სულფოქსიდების სინთეზს ეხება.

მარი-ლუიზა ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზის 26-ე საერთაშორისო სიმპოზიუმის გამარჯვებულია საუკეთესო პოსტერის კატეგორიაში. ასევე მას პირველი ადგილი აქვს აღებული ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მე-4 და მე-5 ყოველწლიურ კონფერენციასა და სტუდენტურ 75-ე კონფერენციაზე.

მარი-ლუიზა კონჯარია 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია მეცნიერების კატეგორიაში.