ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ხვიჩა ფარსადანაშვილი

 

„აუთფლეი“ - ინოვაციური სოციალური ქსელი

17 წლის ხვიჩა ფარსადანაშვილი გეიმინგ-პლატფორმა „აუთფლეის“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ქართული ბაზრისთვის უნიკალური პროექტის შექმნის იდეა 2020 წელს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად დაებადა, სრულყოფაშიც მოიყვანა და ახლა უკვე სამომავლოდ, საქართველოში სოციალური ქსელების ინდუსტრიასთან ერთად, გეიმინგ-ინდუსტრიის განვითარებასაც კი გეგმავს.

„აუთფლეი“  ინოვაციური გეიმინგის სოციალური ქსელია, მარტივი ინტერფეისითა და მომხმარებელზე მორგებული გარემოთი. პლატფორმა, რომელიც ბევრ შესაძლებლობას მოგცემს, თუმცა არაფრით შეგზღუდავს. „აუთფლეის“  სრულყოფამდე იყო „გეიმსთორი“, სადაც თამაშების ციფრული ვერსიები იყიდებოდა და დამფუძნებელთათვის მაშინ მასშტაბურ პროექტადაც აღიქმებოდა. მართლაც, პროექტმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ათასობით უნიკალური მომხმარებელი და 10-მდე გადამყიდველი კომპანია მოიცვა

„გეიმსთორის“ წარმატების მიუხედავად, მომხმარებლისგან მოთხოვნა გაჩნდა, პლატფორმაზე პროდუქტის დამატება თავადაც შესძლებოდათ. ასე დაიბადა  „აუთფლეის“ შექმნის იდეა, რომელიც მომხმარებელს ციფრულ სამყაროში სხვადასხვა სახის შესაძლებლობებს მისცემდა. 2021 წელს პროექტი ქართულ ინოვაციურ სოციალურ ქსელად ჩამოყალიბდა, გასულ ზაფხულს კი საცდელ ეტაპზე, ბეტა-ვერსიაზე გაეშვა და 99%-იანი დადებითი შეფასებაც მოიპოვა.

როგორც თავად ამბობს, მსგავსი სოციალური ქსელის და ზოგადად გეიმინგის სოცქსელის საჭიროებას ხვიჩა და პროექტის სხვა თანადამფუძნებლები თავადვეც წააწყდნენ. მთავარი პრობლემა ბაზარზე არსებული სოციალური ქსელების არასტაბილური ხარისხი და უინტერესო, რთული ინტერფეისი იყო. 

ჩვენ ბეტა-ვერსიაში გავაერთიანეთ გლობალურ ბაზარზე მყოფი სოცქსელების შესაძლებლობები და მათ ხარვეზები მოვაშორეთ.

პრობლება მოგვარდა და „აუთფლეის“ სახით სანდო და მაღალი ხარისხის მქონე სოციალური ქსელი შეიქმნა, რომელმაც, სტრიმინგის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, გეიმერების დიდი დაინტერესებაც მალევე მოიპოვა. დღესდღეობით „აუთფლეიზე“ 10,000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. დაინტერესებაა უცხოეთიდანაც, უმეტესწილად გერმანიიდან და პოლონეთიდან.

მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი პლატფორმა, რომელიც ციფრული პროდუქტების შეძენის, შესყიდვისა და გაცვლის საშუალებას გაძლევდა. თუ არსებობდა, თაღლითური სქემებისა და ხალხის მოტყუების გამო მომხმარებელში უნდობლობას აჩენდა. თავდაპირველ ვერსიაში ხარისხიან, საინტერესო სოცქსელის შექმნასთან ერთად დრო ამ პრობლემის მოგვარებასაც დავუთმეთ და ხალხის ნდობაც მოვიპოვეთ.

თავად ხვიჩას „აუთფლეიზე“ მუშაობის პროცესში პროგრამირებისადმი ინტერესი გაუჩნდა. იდეის სტარტაპად და კომპანიად გარდაქმნის დროს, სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებისას  ბიზნესის ადმინისტრირებითაც დაინტერესდა. სამომავლო პროფესიად, თვლის, რომ სწორედ ბიზნესის მიმართულებას აირჩევს.

ამჟამად მიზანი საქართველოში ინოვაციური სოცქსელის და ამასთან ერთად გეიმინგ-ინდუსტრიის განვითარებაა. „აუთფლის” შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე შექმნა ქართული მობაილ-თამაშიც, სახელწოდებით „ლოლა“, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ლოლა გოგონაა, რომელიც დროის მცველთან ერთად დროის ხაზის გადარჩენას გეგმავს.

სამომავლოდ, „აუთფლეიში“ ხელოვნური ინტელექტი ჩაინტეგრირდება, რომელიც როგორც მობილურის, ასევე კომპიუტერის აპლიკაციაზეც იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა მხოლოდ გეიმერებისთვის აღარ იქნება და მეტად ღია სახე მიიღებს. „აუთფლეის” ექნება მხარდაჭერა როგორც გეიმინგ-პლატფორმებისგან, ასევე Spotify-სა და Discord-სგან . გარდა ამისა, შეიქმნება „აუთფლეი ბიზნესი“, სადაც კომპანიების რეკლამების გაშვება იქნება შესაძლებელი. პლატფორმაზე განთავსებული რეკლამა, მასში ჩაინტეგრირებული ალგორითმით, ზუსტ სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწევს.

ხვიჩა ფარსადანაშვილი 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია ფორბსის რჩეულის კატეგორიაში.