ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ბექა გოჩიაშვილი

 

ერთადერთი კონკურენტი - შენი საკუთარი თავია და თუ მოახერხე და შენს თავს აჯობე, ესე იგი ძალიან მაგარი ხარ

ბექა გოჩიაშვილი ჯაზმუსიკოსი და კომპოზიტორია. ის ფორტეპიანოზე უკრავს. გარდა ამისა, დრამსა და ბასგიტარას ეუფლება.

ბექა 1996 წელს დაიბადა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლისამ დაიწყო, 4 წლის ასაკიდან კი - ჯაზის მიმართულებით სხვადასხვა პედაგოგთან მეცადინეობა. მისი ნიჭი მუსიკოსმა მამამ აღმოაჩინა, ბექა ჯერ კიდევ 10 წლის იყო, როდესაც ჯაზკლუბებში დაკვრა დაიწყო. 

სამი წლის ვიყავი, პირველად რომ დავუკარი და მას შემდეგ დღემდე ამით ვცხოვრობ.

2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისისა და საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას მეცენატობით სწავლა აშშ-ში, ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school–ში განაგრძო. თავდაპირველად ამერიკაში ცხოვრება გაუჭირდა, ვინაიდან იქ სამშობლოსგან განსხვავებული ტემპი დახვდა, თუმცა უცხო გარემოსთან ადაპტირებაში მუსიკა დაეხმარა.

სწავლის პროცესი ბექასთვის რთული არ აღმოჩნდა. ის ჯულიარდის აკადემიაში კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მიმართულებით სწავლობდა, უფრო მეტად კი ეს უკანასკნელი აინტერესებდა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ მუსიკალურ კარიერას ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტი იმეცადინონ და მოუსმინონ მუსიკას. ყველას შეუძლია სასურველის მიღწევა, თუ კონკრეტულ მიზანს დაისახავს, რადგან ნებისმიერი მიღწევა, პირველ რიგში, პროცესია, რომელიც ადამიანის ზრდას უწყობს ხელს.

ცხოვრებაში მიღწეულ ყველაზე დიდ წარმატებად იმას მიიჩნევს, რომ მუსიკოსია და უკვე შეუძლია, საკუთარ მიღწევებზე ისაუბროს. იმ ადამიანებს შორის კი, რომლებისგანაც პროფესიული კუთხით ყველაზე მეტი ცოდნა შეიძინა, ბექა ჩიკ კორეას, სტენლი კლარკსა და ლენი უაიტს გამოარჩევს.

ექვსი წლიდან ნატრობდა, რომ ჩიკ კორეას შეხვედროდა. საბოლოოდ ოცნება აუხდა, მასთან ერთად დუეტში დაუკრა და ალბომიც ჩაწერა. კიდევ ერთი ხელოვანი, რომელთანაც ბექა სიამოვნებით იმუშავებდა, ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, სტივი უანდერია.

ბექას არაერთ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე არაერთი კონცერტი გაუმართავს, მათ შორის:

ბექა გოჩიაშვილის სოლო კონცერტი - Round Midnight

ბექას ოცნებაა, ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ამისთვის ის ახალბედა ხელოვანების დაფინანსებას გეგმავს. იდეა დიდი ხნის წინ დაებადა და მის ხორცშესხმას აუცილებლად აპირებს.

ბექა გოჩიაშვილი 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია კულტურა და სტილის კატეგორიაში.