ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: დავით გიორგაძე

 

საქმე, რომელიც გიყვარს, ის ხდება შენი პროფესია

დავით გიორგაძე ფოტოგრაფია. ხელოვნება და ხელოვნების ისტორია ადრეული ასაკიდანვე იტაცებდა. გარდა ამისა, დაინტერესებული იყო კინემატოგრაფიით, ფილოსოფიითა და ანატომიით.

ის, რომ ვიზუალური ხელოვნება მისი კარიერის ნაწილი იქნებოდა, ყოველთვის იცოდა. დაახლოებით 14 წლის ასაკიდან უფრო მეტად კონცენტრირდა ფოტოხელოვნებაზე. საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ დავითმა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში ჩააბარა, სადაც ორი წლის განმავლობაში ისწავლა.

ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ვიზუალური ხელოვნება და დაკვირვება -  ყველაფერი, რაც ყოველდღიურად გვხვდება და ჩვენს საჭიროებაში და მოხმარებაშია. პირველად დოკუმენტური ფოტოგრაფიით დავიწყე, პარალელურად  ჩემთვის ფერწერა და სკულპტურა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც ეტაპზე გადავერთე ზოგადად იმიჯზე და კონკრეტულად მოდის ფოტოგრაფიაზე.  

2014 წლიდან დავითი ბერლინში მოღვაწეობს. ცხოვრებაში გადალახულ ყველაზე დიდ გამოწვევად ის ინსტიტუტის დატოვებასა და კარიერის დამოუკიდებლად გაგრძელებას ასახელებს. დავითისთვის ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო, თუმცა სასიამოვნო და საინტერესო.

მნიშვნელოვანია, იცოდე, რა გინდა. უნდა ეცადო, საკუთარ თავთან მართალი იყო. უნდა იცოდე, ვინ ხარ, რა გაინტერესებს და რა ელემენტში გრძნობ თავს თავისუფლად, რაც ასევე ბედნიერებას განიჭებს. იყავი გახსნილი რთული გამოწვევებისათვის და რადიკალური ცვლილებებისა თუ სიტუაციებისათვის, რომელთა მეშვეობითაც სწორად იზრდები და ბევრად უფრო მნიშვნელოვან განვითარებას აღწევ.

მოდის ფოტოგრაფიის მიმართულებით დავითი უკვე წლებია, ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Acne Studios, Burberry, Bottega Veneta, Berluti, Dione Lee, Helmut Lang, Loewe, Nina Ricci, GmbH, Versace, YSL და სხვები. მისი ერთ-ერთი პირველი, დიდი საერთაშორისო წარმატება კი მოდის სახლ SAINT LAURENT-ს უკავშირდება.

დავითს არაერთი საერთაშორისო გამოცემისთვის გადაუღია ფოტოები, მათ შორისაა Vogue, Another Man, Ansinth, Antidote, CR MEN, CR Fashion Book, Carcy, Dazed, HERO, INTERVIEW Magazine, MASSES, Numero Homme Berlin, T Magazine China, Zeit Magazine. მისი ფოტოაპარატის ობიექტივში მოხვედრილნი არიან ბელა ჰადიდი, ტიმოთი შალამე, The Weekend, სინტია ნიქსონი, ისაბელ ჰუბერტი, ჯულიეტ ბინოში, გვენდოლინ კრისტი და სხვები.

2019 წელს დავით გიორგაძე დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა. 2020 წელს კი საბჭომ ის კიდევ ერთხელ გამოარჩია და 50 ახალგაზრდა შემოქმედს შორის დაასახელა.

დავით გიორგაძე 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია კულტურა და სტილის კატეგორიაში.