აუცილებელია, იპოვო შენი ნიში, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ
ტანიტა გონგაძე კომპანია Sweeft / making science-ის უფროსი გრაფიკოსი დიზაინერია. აღნიშნულ პოზიციაზე მას აქამდე სარეკლამო სააგენტო Kraken-სა და Redberry-ში, ასევე თიბისი ბანკში უმუშავია.
ოჯახის გავლენით, ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი ადრეული ასაკიდან ჩამოუყალიბდა. ტანიტას შთაგონების წყაროს მამა წარმოადგენს. ის ბავშვობიდან ხედავდა, როგორ ხატავდა და ქმნიდა კომპიუტერში პროექტებს მამამისი და აღნიშნული კუთხით ინტერესი სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა.
ტანიტამ თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ, 2015 წელს სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში განაგრძო, 2019 წელს კი ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
კონკრეტული პროფესია სწორედ უნივერსიტეტში სწავლისას შეარჩია. თავდაპირველად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ინტერიერის დიზაინერი გამოსულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც კომუნიკაციის დიზაინზე მეტი შეიტყო, გააცნობიერა, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტი ამ მიმართულების არჩევა იქნებოდა. „მომინდა, რომ გარე ფასადზე არსებული ვიზუალები, რომლებიც ქალაქს აუშნოებდა, უკეთესით ჩამენაცვლებინა“.
ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ადამიანს უმართლებს ადრეულ ასაკში სწორი პროფესიის არჩევისას, მე კი, საბედნიეროდ, მათ რიცხვში მოვხვდი.
მუშაობა 19 წლისამ დაიწყო. 2016-2018 წლებში სარეკლამო სააგენტო „კრაკენში“, 2019-2021 წლებში -„რედბერიში“, ხოლო 2021-დან 2022 წლის აგვისტომდე თიბისი ბანკში მუშაობდა.
ყველაზე რთული გამოწვევა მისთვის ასაკი იყო - კარიერის დასაწყისში, საზოგადოება ძირითადად არასერიოზულად და სკეპტიკურად უყურებდა, რის გამოც საკუთარ თავში დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ტანიტასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობა მიუღია, მისი დიზაინით გაკეთებულ მონეტებს უკავშირდება. წლებია, რაც ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში წარმატებით იმარჯვებს და მისი დიზაინით არაერთი მონეტა იჭრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც კოლექციონერები აგროვებენ.
ყველაზე რთული ნაწილი წარმატების მიღწევაში შენ გარშემო არსებული კონკურენციაა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. აუცილებელია, იპოვო შენი ნიში, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ, სიამოვნებას განიჭებს და, რაც მთავარია, სხვებისგან გამოგარჩევს. ყველაზე ღირებული შენი პროფესიისა და საქმის მიმართ სიყვარულია, რაც უდიდეს მოტივაციას გაძლევს, მუდმივად განვითარდე და დასახულ მიზნებს მიაღწიო.
ტანიტას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში საკუთარი დიზაინ-სტუდია/შოპი ექნება. მას სურს, ამ სივრცეში გაიყიდოს ერთმანეთისგან განსხვავებული, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნივთები, თუმცა გამორჩეული და საინტერესო დიზაინის.
ტანიტა გონგაძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია კულტურა და სტილის კატეგორიაში.