ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ნინა კინწურაშვილი

 

ვფიქრობ, დასრულებული ნამუშევარი არ არსებობს, არამედ მთავარი პროცესია, რომელიც წარმოადგენს მუდამ მოძრაობაში მყოფ ერთ დიდ ეკოსისტემას და თავის თავს მუდმივად ხელახლა შობს. ჩემთვის ეს ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე რომელიმე ხელოვანის რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი

ნინა კინწურაშვილი მულტიდარგობრივი ხელოვანი და კურატორია. ფერწერასა და გრაფიკასთან ერთად, ის მუშაობს სხვადასხვა დისციპლინაში, როგორიცაა: ვიდეო, საუნდი, ციფრული მედია, პერფორმანსი და სკულპტურა.

მისი ნამუშევრები წარმოადგენს აბსტრაქტულ დეკონსტრუქციას და რეფლექსიას გენდერზე, თეოლოგიასა და მისტიციზმზე, კულტურულ პარადოქსებსა და მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ის მუშაობს კოლექტიურ ქვეცნობიერში არსებულ გამოსახულებებთან და გადააქვს ისინი ნეიტრალურ, სტერილურ სივრცეში, სადაც ხდება მათი გამოკვლევა, გადაფასება, და ხელახალი განლაგება.

ნინა 1992 წელს, თბილისში დაიბადა. 2014 წელს მან დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით. ამის შემდეგ კი, ფულბრაიტის ჯილდოს ფარგლებში, 2017-2020 წლებში სწავლა აიოვის უნივერსიტეტში, ახალი მედიების ფაკულტეტზე (Intermedia) განაგრძო, სადაც მისი კონტრაქტი სწავლების გამოცდილებასაც მოიცავდა - ასწავლიდა კურსს Introduction to Contemporary Art და სემესტრში ბაკალავრიატის ოცამდე სტუდენტი ჰყავდა.

ჩემს შემოქმედებაში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპეციფიკურ კითხვებსა და თემებს და მათ თარგმნას ერთი მედიუმიდან მეორეში და შემდგომ ამ პროცესზე დაკვირვებას, ვიდრე რომელიმე ცალკეულ მედიუმში მუშაობას. თუმცა თითქმის ყველა მედიუმს ვუდგები, როგორც ფერმწერი და, შესაბამისად, ვიდეოც ჩემთვის მოძრავი იმიჯია, პერფორმანსის დროსაც ფერწერიდან ვსესხულობ და საუნდზე მუშაობისას ხშირად ვხედავ პარალელს ფერწერაში სივრცისა და კომპოზიციის შექმნასთან. ამიტომ მგონია, რომ ფერწერა ჩემთვის ყველაზე უნივერსალური მიდგომაა.

რაც შეეხება იმიჯებს, რასაც ვქმნი, აქ ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა ვიზუალურ კოდებზე გავიზარდეთ ჩვენ, პოსტსაბჭოთა სივრცეში დაბადებული პირველი თაობის წარმომადგენლები და რა დაილექა ჩვენში, როგორც ხელოვანებში ამ ლიმინალური, პოსტკოლონიალური პერიოდიდან. ამ კოდებიდან გამოვყოფდი დასავლურ ანიმაციასა და პოპკულტურას, საეკლესიო და არქეოლოგიურ არტეფაქტებს, საბჭოთა პროპაგანდის ნარჩენებსა და მეორადი კაპიტალიზმის შედეგად ჩვენთან გადმოსროლილ ნივთებს. ამ კულტურულმა პარადოქსებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს ხელოვანად ჩამოყალიბებაზე.

ნინას სოლო-ნამუშევრები გამოფენილა 2015 წელს თბილისში Gallery Container-ში; აიოვა-სიტიში 2017 წელს - Drewelowe Gallery-ში, 2019 წელს Levitt Gallery-ში, ასევე 2020 წელს Public Space One Gallery-ში.  

რაც შეეხება ჯგუფურ გამოფენებს, მისი ნამუშევრები წარმოდგენილი ყოფილა 2016 წელს ლონდონში, Tate Modern-ში „Future Late“-ის შოუს ფარგლებში, რომელსაც Tate Collective-ი უწევდა კურირებას; 2018 წელს ჩიკაგოში, „Chicago Wetpaint Biennial“-ის ფარგლებში; 2019 წელს აშშ-ის Levitt Gallery-ში; 2020 წელს ნიუ-იორკში, Ortega Y Gasset Projects-ში; 2021 წელს აშშ-ის The Ekru Project-ში; ამავე წელს ლონდონში, „EveryWoman Biennial“-ის ფარგლებში; 2022 წელს თბილისში - თიბისი კონცეპტსა და „სტამბაში“, ასევე ხელოვანების მიერ ორგანიზებულ „FIVEROOMFLAT“-ის პროექტის ფარგლებში.

ამჟამად ნინა პირად სტუდიურ პრაქტიკასთან ერთად მუშაობს არტისტი ქალების კოლექტივ Tales of Loss (TOL)-ში ანა გზირიშვილთან და სალომე დუმბაძესთან ერთად და ამავე დროს კითხულობს ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში.

ნინა კინწურაშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია კულტურა და სტილის კატეგორიაში.