თუ თქვენი მიზანი იმდენად დიდია, რომ რამდენიმე წლის წინ მასზე ფიქრსაც ვერ ბედავდით, ე.ი. სწორად გაქვთ არჩეული. მიზნამდე გასავლელი გზა აუცილებლად ბევრი გამოწვევით იქნება სავსე, მაგრამ - Don't be afraid to create the future!
თამარ ხოსროშვილი „პორშე ცენტრი თბილისისა“ და „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. უკვე სამ წელზე მეტია, რაც ავტოინდუსტრიაში აქტიურად ჩაერთო და კარიერა ბაზრის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაუკავშირა. „პორშესა“ და „მაზდაში“ თამარის მოღვაწეობის პერიოდი კი მრავალი საინტერესო პროექტით გამოირჩევა.
როგორც ამბობს, უნივერსიტეტში მიღებული განათლება კარიერის საწყის ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რაშიც თავადვეც დარწმუნდა. სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამამ თამარს ერთდროულად საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის თანაბრად შესწავლის და, შემდგომში, კარიერის სასურველი მიმართულებით გაგრძელების საშუალება მისცა.
პიარსა და მარკეტინგს შორის კი თამარისთვის საინტერესო სწორედ მარკეტინგი აღმოჩნდა. კარიერული წარმატების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას - „ნიკორას“ უკავშირდება. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ მალევე, თამარი „ნიკორას“ ბრენდ-მენეჯერად დაინიშნა. კომპანიაში გატარებული სამი წლის შემდგომ იყო პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა SmartSoft-ში გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია, თუმცა საბოლოოდ მისთვის საინტერესო ახალი გამოწვევები სწორედ ავტოინდუსტრიაში იპოვა.
აღსანიშნავია, რომ „პორშე ცენტრში“ მარიამის აყვანა-არაყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება „პორშე გლობალის“ წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ, შესაბამისად, სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებდა, გასაუბრებაზე ჩეხეთში გაემგზავრა. შეხვედრა ერთ სრულ დღეს გაგრძელდა და რამდენიმე ტიპის გასაუბრება, ასევე პრეზენტაცია, ტესტირება და play role-ები მოიცვა. მარიამი კი გახდა პირველი ქართველი, ვინც ეს გასაუბრება გაიარა, რადგან აღნიშნული წესი ახალი შემოღებული იყო. მისთვის გასაუბრება საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა, ორი კვირის შემდეგ მიღებული დადებითი პასუხი კი მისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო.
თამარის პროექტებს ერთ-ერთია „პორშეს“ კამპანია „სულის ხმა“, რომლის მიზანიც, თამარის თქმით, კომპანიის ღირებულებებისა და ტაიკანის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯის ქართველ აუდიტორიამდე მიტანა იყო. რაც მთავარია, უფრო ხელშესახები გზითა და ახალი სახელით. „პორშეს“ მხატვრული ექსპოზიციის მთავარი სიტყვა SOUL-ია, ინსტალაცია, რომელიც „პორშეს“ ნაწილებითაა დეკორირებული. მანათობელ ელემენტებს კი ელექტროენერგიას O-ს სახით წარმოდგენილი წყლის წისქვილის ბორბალი აწვდის. თამარმა, „პორშეს“ გუნდთან ერთად, ამ კამპანიით ქართველ მომხმარებელს დაანახა, რომ ტაიკანს იგივე „სული“ აქვს, ისევ ის ემოციური „პორშეა“, თუმცა განსხვავებული ენერგიის წყაროთი. კომპანიისთვის კი, რომლის ავტომობილების 80% 2030 წლისთვის ელექტრო იქნება, მსგავსი კამპანია მართლაც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ეს კამპანია გახდა PRI (Porsche Retail Impulse) კონკურსის გამარჯვებული. PRI ყოველ წელს „პორშეს“ სხვადასხვა წარმომადგენელს შორის ტარდება, საქართველოს წარმომადგენლობისთვის ეს გამარჯვება პირველი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო ბაზარზე „პორშე ცენტრი თბილისისთვის“, მისი წარმოჩენისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის.
ამას გარდა, იყო საინტერესო პროექტები, რომლებიც ბრენდის ფილოსოფიას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთია #გაბედე - ავტომობილის პრეზენტაცია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინრეჟიმში.
საინტერესო პროექტების რიცხვშია „მაზდა ცენტრ თეგეტას“ „ალუბლის ყვავილობაც“. იქიდან გამომდინარე, რომ „მაზდა“ იაპონური ბრენდია და იაპონური ინდივიდუალიზმიც მისი ავტომობილების ყველა დეტალში იგრძნობა, ალუბლის ყვავილობისთვის თამარმა, „მაზდა ცენტრ თეგეტას“ გუნდთან ერთად, კრეატიული და ამავდროულად ერთგვარი საგანმანათლებლო კამპანია შეიმუშავა.
ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს თამარი Eurobest Young Creative Contest Georgia-ზე ჟიურის ერთ-ერთი წევრიც გახლდათ. Eurobest-ი ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალია, რომელიც რეკლამის, კომუნიკაციებისა და მსგავს სფეროებში საუკეთესოებს აჯილდოებს. პერიოდულად კი თამარი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას სხვებსაც უზიარებს - ის CSR-ისა და მარკეტინგის ვებინარების სპიკერია.
თამარ ხოსროშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.