ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: სალომე კუპრაშვილი

 

კინომ თავადვე მიპოვა და სწორედ ის სფერო აღმომაჩენინა, რომელიც ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ახლობელია

სალომე კუპრაშვილი Cavea-ს მარკეტინგის დირექტორი და საქართველოში პირველი ლეგალური ონლაინკინოთეატრ Cavea+-ის ხელმძღვანელია. მიაჩნია, რომ კინომ თავადვე იპოვა და სწორედ ის სფერო აღმოაჩენინა, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესო და ახლობელია. ამის მიუხედავად ყველანაირ გამოცდილებასა და კარიერულ ეტაპს ძალიან აფასებს, რადგან თითოეულმა მათგანმა მის პროფესიულ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

უკვე შვიდი წელია, რაც მარკეტერია და ყოველთვის ამ გზას მიჰყვებოდა. Cavea-ში მოხვედრამდე სალომე კინოინდუსტრიაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, კინომდე სწორედ საქმემ მიიყვანა და თუ ადრე ეგონა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ სფეროში იქნებოდა, ახლა სწორედ ის საქმე აღმოაჩინა, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად მოსწონს, აინტერესებს და უყვარს.

Cavea-მდე მიღებული გამოცდილება კი სალომეს როგორც კინოთეატრში მუშაობაში, ასევე ონლაინკინოთეატრის შექმნაში დაეხმარა. თითქმის ორი წელი Adjara.com-ში Adjaranet.com-ის, Cinemania.ge-ისა და „კიმონოს“ მარკეტინგულ კომუნიკაციებს მართავდა, რის შედეგადაც კინომოყვარულების ონლაინქცევები და ინტერესები უფრო ახლოდან შეისწავლა. გარდა ამისა,  მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე კინოთეატრ „ამირანშიც“ მუშაობდა.

ამ ყველაფერთან ერთად, სალომე კუპრაშვილი ნეიმინგ-სააგენტო Christopher Robin-ის თანადამფუძნებელია. Christopher Robin-ის ძირითადი სერვისი კომპანიისა ან პროდუქციისთვის სახელწოდების, ლოგოსა და კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნაა. Christopher Robin-ის გამორჩეულ პროექტებს შორისაა „უმალი“, „პულსარი“ „Old School”-ი და „ბაკურიანი ციდა“.

უკვე სამ წელზე მეტია, რაც კინოთეატრ Cavea-ში მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. 3-წლიანი მოღვაწეობის თითქმის ნახევარი კი საქართველოში პირველი ლეგალური ონლაინკინოთეატრ Cavea+-ის შექმნაზე მუშაობას დაუკავშირა. Cavea+-ის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მარკეტერს მნიშვნელოვნების განცდას უჩენს, რადგან აკეთებს საქმეს, რომელიც ერთნაირად აუცილებელია, როგორც ქართული ადგილობრივი წარმოების, ასევე საქართველოში ლეგალური პლატფორმის - „კულტურის“ განვითარებისთვის.

ჩემთვის Cavea+ არის პროექტი, რომელზეც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარიერის რა მომენტშიც არ უნდა ვიყო, ამას გავიხსენებ, როგორც საამაყო შესაძლებლობასა და გამოცდილებას. მჯერა, რომ ეს პროექტი ბევრი მიმართულებით მოახდენს დადებით ეფექტს.

Cavea-ს ონლაინკინოთეატრი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წელს იქნება. მანამდე კი მოლაპარაკებები კინოინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან მიმდინარეობდა, როგორიცაა: Sony, Warner Brothers-ი, Paramount-ი, Disney და HBO - ტელეშოუებში Cavea-ს მთავარი პარტნიორი. სალომესთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, გამოცდილება და დიდი პატივიც სწორედ მსგავსი რეპუტაციის მქონე კომპანიებთან მოლაპარაკებები აღმოჩნდა, რომლებმაც საბოლოოდ წარმატებით ჩაიარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური ფილმებისა და სერიალების გარდა, Cavea+-ზე ქართული კონტენტიც მრავლად იქნება, რაც წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამჟამად სალომე მთლიანად პროექტზეა ორიენტირებული და დარწმუნებულია, რომ კარიერის ყველა მომენტში, Cavea+-ზე მუშაობის პროცესს ყველაზე საამაყო გამოცდილებად და შესაძლებლობად გაიხსენებს. სამომავლოდ კი სურს, კინოს განვითარების სხვა ფორმებიც მოსინჯოს და კინოინდუსტრიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

სალომე კუპრაშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.