როცა თავდაუზოგავად შრომობ და მერე აღმოაჩენ, რომ ამას აფასებენ, გეძლევა მოტივაცია, რომ დაუბრუნდე საქმეს და ახალი შემართებით კიდევ უფრო დიდ საქმეზე, კიდევ უფრო მეტზე იფიქრო
მარიამ მარგიანი ბუტიკ-სასტუმროს, Wine Space-ის გენერალური მენეჯერი და დამფუძნებელია. „ვაინ სფეისი“ რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში მდებარე განსხვავებული სტილის სასტუმროა, რომელიც თანამედროვე დიზაინისა და ასწლოვანი არქიტექტურის შერწყმის შედეგად შეიქმნა. მარიამმა ანტრეპრენიორობაც სწორედ 2019 წელს ბუტიკ-სასტუმროს გახსნით დაიწყო.
გარდა ამისა, მარიამ მარგიანი 2020 წლიდან SM Solutions-ში მასპინძლობისა და ტურიზმის კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციასაც იკავებს. აქ ის მომხმარებლების, თანამშრომლების, მედიისა და პარტნიორების წინაშე კომპანიის იმიჯის პოპულარიზაციისაკენ მიმართულ ქმედებებზეა პასუხისმგებელი. პარალელურად მარიამი Universal Business Solutions-ის ადამიანური რესურსების კომუნიკაციების მენეჯერიცაა.
2019 წელს Madloba Wine-ის კონტენტ-მენეჯერი გახლდათ. ტურიზმის ინდუსტრიაში მისი გამოცდილება კი 2017 წელს ტურისტული კომპანია Easy Travel-ით იწყება.
რაც შეეხება განათლებას, მარიამ მარგიანი პროფესიით ფსიქოლოგია. ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მოპოვებული. მოგვიანებით მასპინძლობის ინდუსტრიას შვეიცარიულ სტუმარმასპინძლობის სკოლაში Schweizerische Hotelfachschule Luzern (SHL)-ში დაეუფლა და ტურიზმისა და სამოგზაურო მომსახურების მენეჯმენტის საერთაშორისო კურსი გაიარა. მარიამი ინდუსტრიულ და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში მაგისტრის ხარისხსაც ფლობს, რომელიც GIPA-ში მოიპოვა.
მარიამ მარგიანისათვის „ფორბსის“ 30-წლამდელთა სიაში ყოფნა გამარჯვებაცაა და ერთგვარი გამოწვევაც.
როცა თავდაუზოგავად შრომობ და მერე აღმოაჩენ, რომ ამას აფასებენ, გეძლევა მოტივაცია, რომ დაუბრუნდე საქმეს და ახალი შემართებით კიდევ უფრო დიდ საქმეზე, კიდევ უფრო მეტზე იფიქრო. ეს ნიშნავს, რომ გამჩნევენ, მოსწონთ და აღიარებენ იმ საქმეს, რასაც მთელი შემართებით აკეთებ.
მარიამისთვის Forbes 30 under 30-ნომინაციაში გამარჯვება საკუთარი ქვეყნის განვითარებასა და სხვა ანტრეპრენიორებისათვის მაგალითის მიცემაში მონაწილეობის პასუხისმგებლობაა.
27 წლის ასაკში ამ სიაში მოხვედრა ის წარმატებაა, რასაც ვერც წარმოვიდგენდი, მაშინ როცა ნულიდან, უფრო სწორად, მინუსებიდან, ნანგრევებიდან დავიწყე საქმის კეთება - იმ საქმის, რომელიც ჩემთვის უსაყვარლეს საქმედ იქცა.
მარიამმა რაჭაში პირველი კონცეპტ-რესტორნის მშენებლობა უკვე დაიწყო და სტუმრებსაც მალე მიიღებს. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, უფრო მეტად ვითარდება გემფლინგ კონცეფციაც. სამომავლოდ მარიამს ბიზნესის დივერსიფიცირებაც დაგეგმილი აქვს. ბუტიკ-სასტუმროს ტერიტორიაზე გამორჩეული დიზაინის მქონე მარანი აშენდება და გაიზრდება ღვინის წარმოებაც.
„ვაინ სფეისი’’, რომელიც უკვე ბრენდად იქცა, იარსებებს და სტუმრებს მიიღებს არა მხოლოდ რაჭაში, არამედ ჩვენი ქვეყნის სხვა ულამაზეს რეგიონებშიც. ვფიქრობ, განვითარება ყოველთვის კარგი აზრია და ბიზნესმიმართულების გარდა, ვაპირებ სხვა შესაძლებლობების გამოყენებასაც, გავიღრმავებ ცოდნას სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებით, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ დონეზე.
მარიამ მარგიანი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში.
Wine Space - ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
ავტორი