ცხოვრებისეული მიზანი მუდმივი სწავლა და განვითარებაა
კონსტანტინე ჭეიშვილი „დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ დოქტორანტი და მკლევარია, გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით. კონსტანტინეს ძირითადი სამუშაო მიმართულება ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფიაა (OCT), რომელიც მიკროსკოპულ ობიექტებზე დაკვირვების არაკონტაქტურ და არაინვაზიურ მეთოდს წარმოადგენს. OCT-ი ფართოდ გამოიყენება როგორც სამედიცინო კვლევებსა და დიაგნოსტიკაში, ასევე ფარმაცევტულ ინდუსტრიაში წარმოების პროცესისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლისთვის.
ამ მიმართულებით, კონსტანტინე მუშაობს კომპანიასთან, რომელიც ამ ტექნოლოგიის ბაზაზე ნანონაწილაკების საზომ დანადგარებს ქმნის, რომელთაც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები იყენებენ, მათ შორის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებისას. კონსტანტინეს თქმით, მას ამ მეთოდის გაუმჯობესება სურს, რათა კაცობრიობამ დღეს არსებული ტექნოლოგიური შეზღუდვები დასძლიოს და ამ ტექნოლოგიის გამოყენება კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიზნებისთვის შეძლოს.
კონსტანტინე ჭეიშვილის ძირითადი საქმიანობა გულისხმობს როგორც ექსპერიმენტების დაგეგმარებასა და ჩატარებას, ასევე მათი შედეგების ანალიზსა და ინტერპრეტაციას. თუ გუნდმა საინტერესო შედეგი მიიღო, მას კვლევით ჯგუფში განიხილავენ და სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობას იწყებენ. თუმცა, ამას გარდა, დოქტორანტს დამატებითი მოვალეობებიც აქვს - ის სასწავლო პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს. ამ მიმართულებით, კონსტანტინე სტუდენტებს სემინარებს უტარებს, მათ ნაშრომებს ასწორებს და სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს ზედამხედველობს.
ტექნოლოგიურ სფეროში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარება საკმარისი არ არის - აუცილებელია, სიახლეებს თვალი ადევნო, ახალი ნაშრომები იკითხო, კონფერენციებში მონაწილეობა მიიღო და სამომავლო თანამშრომლობებისთვის პროფესიული წრე გაიფართოო.
როგორც თვითონ ჰყვება, მეცნიერება და ტექნოლოგიები ბავშვობიდანვე აინტერესებდა და სწორედ ამ ბავშვურმა სიყვარულმა გადააწყვეტინა, რომ სკოლის მერე სწავლა „იაკობსის ბრემენის უნივერსიტეტში“ ფიზიკის ფაკულტეტზე გაეგრძელებინა. თუმცა კონსტანტინემ იცოდა, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც სჭირდებოდა. აი, ასე მოხვდა კონსტანტინე ფრიდრიხ ლურსენის გემთმშენებელ კომპანიაში.
მოგვიანებით კონსტანტინემ დამატებითი აკადემიური ხარისხის მიღება გადაწყვიტა, რისთვისაც „დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში“, აერონავტიკური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. სწავლის პარალელურად, კონსტანტინე „ფორმულა 1-ის“ საუნივერსიტეტო გუნდში გაწევრიანდა - გუნდთან ერთად, კონსტანტინემ დააპროექტა და შექმნა ელექტრომანქანა, რომელმაც „ფორმულა 1-ის“ საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
თუმცა, როგორც თვითონ ჰყვება, საზღვარგარეთ დარჩენა არ სურდა, პირიქით - საქართველოში ჩამოსვლა და მისი ცოდნისა და გამოცდილების აქ გამოყენება სურდა. აი, ასე, 2016 წელს, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, კონსტანტინემ გერმანიასა და ნიდერლანდებში რამდენიმე შემოთავაზებაზე უარი თქვა და საქართველოში ჩამოვიდა, სადაც წარმოების ტექნოლოგიების მიმართულებით ქართულ-ისრაელურ ერთობლივ საწარმოში დასაქმდა, სახელწოდებით „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები“. აღნიშნული კომპანია თანამედროვე თვითმფრინავებისთვის კომპოზიტურ ნაწილებს აწარმოებს.
რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ კონსტანტინე მიხვდა, რომ მისი სწავლისა და განვითარების პროცესი შენელდა, რამაც პროფესიული და აკადემიური ცოდნის გაღრმავებისკენ უბიძგა. როგორც თვითონ ამბობს, მისი ცხოვრებისეული მიზანი მუდმივი სწავლა და განვითარებაა, რის გამოც მან ახალ გამოწვევებთან შეჭიდება გადაწყვიტა და „დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ დოქტორანტურაში ჩაირიცხა.
კონსტანტინე ჭეიშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.
Delft University of Technology - ის ოფიციალური ვებ გვერდი
ავტორი