რობოტები და ხელოვნური ინტელექტი ის შეუქცევადი მომავალია, რომელიც ადამიანებს თვითგანვითარებისა და ინტელექტუალური წარმატების მისაღწევად უფრო მეტ დროს მისცემს
მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებით, კომპანიები ადამიანების ყოველდღიური საქმეების გამარტივებას ცდილობენ, რის გამოც, ბოლო დროს, რობოტიკის სექტორი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზად მიმართულებად იქცა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანის მსგავსი რობოტების შექმნა, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას გამოიწვევენ და არა შიშს, ტექნოლოგიურ გიგანტებსაც კი უჭირთ. აი, სწორედ ამ მიზნითა და მოტივაციით, 2021 წელს, ქართველმა ანტრეპრენიორმა, მეგი ქავთარაძემ, კომპანია Destiny Robotics-ი დააფუძნა. დღეს Destiny Robotics-ის სათავო ოფისი შტატ ფლორიდაში მდებარეობს, საიდანაც კომპანია საზოგადოებას მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ცვლილებებს სთავაზობს.
რობოტები და ხელოვნური ინტელექტი ის შეუქცევადი მომავალია, რომელიც ადამიანებს თვითგანვითარებისა და ინტელექტუალური წარმატების მისაღწევად უფრო მეტ დროს მისცემს. დროთა განმავლობაში, რუტინულ და რთულ სამუშაოს მთლიანად რობოტები შეითავსებენ.
Destiny Robotics-ის დამფუძნებელი მეგი ქავთარაძე სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში ბავშვობიდანვე იყო ჩართული: სკოლაში სწავლისას თვითმმართველობის პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო უნივერსიტეტში „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა“ და Erasmus Student Network-ის საბჭოს წევრის სტატუსი ჰქონდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ მეგიმ მაგისტრის წოდების მიღება გადაწყვიტა, ამავე მიმართულებით. საინტერესოა, რომ იმ დროს მეგის სამაგისტრო ნაშრომი სწორედ ავტონომიური ლეტალური იარაღის, ანუ რობოტების გამოყენებას და მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგზე მათ გავლენას ეხებოდა.
საქართველოში აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მიღების შემდეგ მეგიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ პირველ წარმატებას „ჰარვარდის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო კონფერენციაზე მიაღწია, რომელზეც ინოვაციების მიმართულებით საკუთარი კვლევა წარმოადგინა. მოგვიანებით, Forbes-ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი გაიცნო. როგორც თვითონ ჰყვება, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ავტორიტეტული ადამიანების წინაშე სიტყვით გამოსვლამ მას ამ სფეროში მუშაობის გაგრძელების სტიმული მისცა.
მოგვიანებით, პანდემიის დაწყებასთან ერთად, მეგი მიხვდა, რომ სოციალური დისტანცირებით გამოწვეული ვაკუუმის შევსება ადამიანებს შორის ფიზიკური კომუნიკაციის გარეშე ძალიან რთულია - აი, სწორედ ასე გაჩნდა Destiny-ის იდეა.
მარტოსულობის პრობლემას აქტიურად ვიკვლევდი და აღმოვაჩინე, რომ ის ადამიანთა დაახლოებით 70%-ს აწუხებს - თავისთავად ეს პრობლემა იმდენად დიდია, რომ ხშირად ის სხვადასხვა მენტალურ დაავადებას იწვევს და შეიძლება ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. ამ დროს მივხვდი, რომ Destiny-ის შეეძლო, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო. მოგვიანებით საოცარი ადამიანები გავიცანი, რომელთაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში, Huawei-ში, Tesla-სა და „კემბრიჯის უნივერსიტეტში“ მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და იდეის რეალობად გადაქცევა ერთად დავიწყეთ - გვიყვება მეგი ქავთარაძე.
წარმატების გზაზე ქართველ ანტრეპრენიორს არაერთი გამოწვევა შეხვდა როგორც რეკრუტინგის, პროტოტიპირებისა და დახვეწილი მოდელების შემუშავების კუთხით, ასევე გენდერის გამო.
პირველი გამოწვევა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემს სქესთან იყო დაკავშირებული. ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ქალები ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა მხოლოდ 29%-ს შეადგენენ - კიდევ უფრო მცირეა ქალი ანტრეპრენიორების რიცხვი - ამბობს მეგი.
თუმცა მეგი ქავთარაძემ ეს და სხვა დაბრკოლებები გადალახა და საკუთარი კომპანია საგრძნობლად განავითარა. Destiny Robotics-ის წარმატებაზე მიუთითებს ისიც, რომ კომპანია Google for Startups-ისა და Nvidia Inception-ის სააქსელერაციო პროგრამებს შეუერთდა.
მეგი ქავთარაძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.
Density Robotics - ის ოფიციალური ვებ გვერდი
ავტორი