ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ვანო ჩალაძე

 

შრომის გარეშე არასდროს გაგიმართლებს და, შესაბამისად, ვერც დასახულ მიზნებს მიაღწევ

ვანო ჩალაძე მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური კომპანიის, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. როგორც თვითონ ამბობს, გარკვეული მიზანი და მისი აღსრულების გეგმა ცხოვრების ყველა ეტაპზე ჰქონდა დასახული და კარგად ესმოდა, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოუვიდოდა. ასე იყო მაშინაც, როცა თხუთმეტი წლის ასაკში სასწავლებლად ინგლისში გაემგზავრა, სადაც ჯერ სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი - უნივერსიტეტი. ვანოს თქმით, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ზედმიწევნით კარგად იცოდა, რა მიმართულება აინტერესებდა და საკმაოდ ამბიციური მიზანი დაისახა. ვანოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩაბარება სურდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. 

შრომა და მიზანდასახულობაა ის, რაც ჩემს ცხოვრებას ადრეული ასაკიდანვე განსაზღვრავდა.

ინგლისში ცხოვრებამ ვანოს გეგმებსა და მიზნებზე დიდი გავლენა მოახდინა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ტექნოლოგიებითა და მათი შესაძლებლობებით ის სწორედ ნისლიან ალბიონზე დაინტერესდა. თანაც ვანოს ინგლისში გამგზავრება ევროპული ტექნოლოგიური კომპანიების უეცარი განვითარების ხანას დაემთხვა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, Uber-ის, Airbnb-ისა და Netflix-ის აღმასვლის უშუალო მომსწრე ყოფილიყო. „ამ კომპანიების წარმატება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჩემი ყურადღება, ერთხელ და სამუდამოდ, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მიიპყრო“, - ამბობს ვანო. საინტერესოა, რომ ეს ხედვა მის პროფესიულ გამოცდილებაზეც აისახა - თუკი მანამდე საკუთარ მომავალს საბანკო-საფინანსო სფეროში ხედავდა, ახლა უკვე საკუთარი ტექნოლოგიური კომპანიის დაარსებაზე დაიწყო ფიქრი.

უნივერსიტეტის დამთავრებისა და რამდენიმე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტში სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ ვანო მიხვდა, რომ არ სურდა დიდი ოპერაციების მცირე ნაწილი ყოფილიყო. მას არც რუტინა აინტერესებდა, პირიქით - პროცესების შექმნის წინა პლანზე სურდა ყოფნა, მაგრამ იცოდა, რომ ამგვარ გამოცდილებას დიდ კომპანიაში მუშაობა ვერ მისცემდა.

ამ დროს ვანო ე.წ. „გიგ-ეკონომიკით“ დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ მეგობრებთან ერთად მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური კომპანია, Cargon-ი შეექმნა. დღეს Cargon-ი ერთ-ერთი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებს. ამასთანავე, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, 500 Startups-ის კონკურსის გამარჯვებულია. ზოგადად კი Cargon-ის დამფუძნებლებს სურთ, რომ მათი პლატფორმა რეგიონის წამყვან ლოგისტიკურ ინსტრუმენტად აქციონ, რაც, თავისთავად,  ამ ტრადიციული ინდუსტრიის გაციფრულებას შეუწყობს ხელს.

ვანოს თქმით, სტარტაპ-ეკოსისტემა ტრადიციული სფეროებისგან განსხვავდება როგორც სამუშაო კულტურის, ასევე დასაყრდენი პრინციპების მიხედვით. ამ სფეროში გარემოებები ყოველდღიურად იცვლება, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, პრობლემების მოსაგვარებლად ექსპერიმენტირება ყოველდღიურად უწევთ. 

„The harder you work, the luckier you get“, - ის ფრაზაა, რომლის ძალიან მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ შრომის გარეშე არასდროს გაგიმართლებს და, შესაბამისად, ვერც დასახულ მიზნებს მიაღწევ.  

ვანო ჩალაძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში.