ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ირაკლი ჭოლოკავა

 

ფორბსის 30 წლამდელთა სიაში ყოფნა ნიშნავს ბევრ საინტერესო ადამიანთან შეხვედრასა და საუკეთესო კონტაქტების გაჩენას, რაც წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია

ირაკლი ჭოლოკავა კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი სტარტაპის, Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი და საქართველოს ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერია. 20 წლის ანტრეპრენიორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის, ESM-ის სტუდენტია. ირაკლის ძირითადი მიმართულება ფინანსებია, დამატებით სპეციალობად კი კერძო და ბიზნესის სამართალი აირჩია.

საკუთარი სტარტაპის შექმნამდე ირაკლი ჭოლოკავა ბრიტანული აუდიტორული ფირმის, Moore Abc-ის ფინანსური აუდიტორი გახლდათ. მანამდე კი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის, „მშენჯგუფი 2007“-ის ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ირაკლის ლექტორის ასისტენტობის გამოცდილებაც აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის Business in Action-კურსებში.

ირაკლის ინვესტორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. საკუთარი სტარტაპისათვის პირველი ინვესტიცია გასულ წელს სწორედ მან მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს“ პირველ სეზონზე ირაკლიმ ინვესტორებთან ყველაზე მსხვილი გარიგება დადო. Onyx Wings Studio 49%-იანი წილის სანაცვლოდ ინვესტორებმა 250 000 ლარით დააფინანსეს. თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანიისათვის ეს წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო. „შარქ თენქის“ ინვესტიციას მალევე GITA-ს 100,000-ლარიანი გრანტი მოჰყვა.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ ირაკლი საკუთარ გუნდთან ერთად, საქართველოს სახელით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფინანსური შეჯიბრის, ფინანსური მოდელირების მსოფლიო თასის მესამეადგილოსანიც გახდა.

ირაკლის ინფორმაციით, Onyx Wings Studio საკუთარ პირველ თამაშზე მუშაობას წლის ბოლოსთვის დაასრულებს. „თამაშზე მუშაობს პროფესიონალი დეველოპერების, დიზაინერებისა და კომპოზიტორების გუნდი და წინასწარი განწყობა გუნდის წევრებსა და დამფუძნებლებს საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს“.

Forbes 30 Under 30-ში გამარჯვებას ირაკლი დიდ ცხოვრებისეულ მიღწევად აფასებს.

ჩემთვის, როგორც ამ სტარტაპის თანადამფუძნებლისთვის, „ფორბსის“ 30-წლამდელთა სიაში შესვლა ნიშნავს აქამდე მიღწეული წარმატებების დაფასებას და რაც მთავარია - მომავალი წარმატებების მისაღწევად მოტივაციის მიღებას. დარწმუნებული ვარ, რომ „ფორბსი“ მე და ჩემს გუნდს საქართველოსა და უცხოურ ბაზარზე ჩვენი თავის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება.

ირაკლი ჭოლოკავა 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში.