მიზნის მიღწევის წინაპირობა - მონდომება და გეგმის რამდენიმე წლით ადრე დასახვაა
ნინა ჭელიძე ამერიკული კომპანია View-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერია. როგორც თავად ამბობს, ამჟამად მისთვის საოცნებო კომპანიაში მუშაობს, თუმცა View-მდე იყო საკმაოდ რთული, გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ საინტერესო გზა. სწორედ View-ში წარმატებული კარიერის შედეგად კი ქართველი ნინას ფოტო ნიუ-იორკში, ტაიმს-სკვერზე მოხვდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს არამარტო ნინას სამსახურებრივი გამოცდილება, სწავლის პერიოდიც უკავშირდება. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც, თბილისში სკოლის დამთავრების შემდგომ, აშშ-ის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებაა. ნინამ ჩარიცხვის შემოთავაზება ამერიკის რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტისგან მიიღო, თუმცა არჩევანი ნიუ-იორკის The king’s College-ზე შეაჩერა, სადაც სრული დაფინანსებით მიიწვიეს.
საინტერესოა, რომ ნინა, ბაკალავრიატის საფეხურზე არა ბიზნესსა და მარკეტინგს, არამედ თავისუფალ მეცნიერებებს ეუფლებოდა, პარალელურად სხვადასხვა სფეროში სტაჟირებებს გადიოდა. The king’s College-ში კლუბიც ჩამოაყალიბა და საერთაშორისო სტუდენტები ერთმანეთის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად გააერთიანა. შესაბამისად, ბაკალავრიატზე გატარებულ პერიოდს ნინა დაკარგულ პერიოდად ნამდვილად არ მიიჩნევს. პირიქით, თვლის, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის პოლიტიკისა და ფილოსოფიის მიმართულებით, სამომავლოდ უკეთეს კადრად და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
გარდა ამისა, სწორედ The king’s College-ში სწავლისას მიხვდა, თუ რა მიმართულებით სურდა სამომავლოდ თავისი პროფესიული მიზნების წარმართვა და გეგმებიც დაისახა.
მიზნის მისაღწევად გეგმა რამდენიმე წლით ადრე უნდა დასახო. ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ დიდი ცხოვრებისეული ნაბიჯი გადადგა, რასაც დაგეგმარება და გეგმის სრულყოფაში მოყვანა მოჰყვება.
ნინას პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი საერთაშორისო HR-საკონსულტაციო კომპანიას უკავშირდება. ეს არის კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს, ძირითადად ტექნოლოგიური მიმართულებით, მმართველი მენეჯმენტის აყვანაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ფირმა სწორედ ამ დროს შემოვიდა ამერიკულ ბაზარზე, ნინა კი კოლეჯიდან, თავად გენერალური დირექტორის მიერ აყვანილი პირველი თანამშრომელი აღმოჩნდა. ნინამ HR-საკონსულტაციო კომპანიაში 6 წელი გაატარა, სადაც გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესგანვითარების მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
ამ ყველაფრის შემდგომ დარწმუნდა, რომ კარიერის გაგრძელება „სილიკონ ველიში“ დაფუძნებულ კომპანიაში სურდა. ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც აწარმოებდა ტექნოლოგიურ პროდუქტს და ცვლიდა სამყაროს. მიზნის მისაღწევად კი პირველ ეტაპზე, NYU Stern School of Business-ში, მაგისტრატურაზე ჩაირიცხა. მაგისტრატურის საფეხურზე, ბიზნესში მიღებულმა სპეციფიკურმა განათლებამ ნინას ის კონკრეტული ცოდნა შესძინა, რაც ასეთ მოთხოვნად პროფესიაში ფეხის მოსაკიდებლად აუცილებელი იყო. ახლაც, სამუშაო სივრცეშიც, მუდმივად ხედავს, რომ კომბინირებული განათლება ბევრი საკვანძო საკითხის გადაჭრაში ეხმარება.
ამჟამად ნინა თავის საოცნებო კომპანიაში, View-ში, ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის ბიზნესგანვითარების მენეჯერის პოზიციას იკავებს. ნინა ჭელიძე ამერიკულ კომპანიას პანდემიის დაწყებამდე შეუერთდა. ცნობისთვის, View ქმნის ე.წ. ჭკვიან მინებს ფანჯრებისთვის, რომლებიც ამინდისა და მზის სხივის მიხედვით იცვლის სიმუქეს, ტრანზიციული სათვალეების მსგავსად. ამერიკული კომპანია ცოტა ხნის წინ „ნასდაქზე“ გავიდა და საჯაროდ დაილისტა. შედეგად, ტრადიციულად, ტაიმს-სკვერზე „ნასდაქმა“ კომპანიის დასაქმებულების ფოტოები გამოფინა და მათ შორის ქართველი ნინას ფოტოც მოხვდა.
ნინა ჭელიძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.