ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: სალომე ჯანაშვილი

 

თუ ყველა გეუბნებათ, რომ თქვენი მიზანი მიუღწეველია, გიხაროდეთ, რადგან ახლა უკვე ზუსტად იცით, რომ ასე არ არის

სალომე ჯანაშვილი Kia Georgia-სა და Mitsubishi Motors Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და ქართული მაღალტექნოლოგიური კომპანია CNICK-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორია. შთამბეჭდავი დასაწყისის მიუხედავად, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წარმატებებისა, რომელთაც ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილმა მარკეტოლოგმა საკმაოდ მცირე დროში მიაღწია.  

სალომესა და მარკეტინგის გზები თავდაპირველად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში (ESM), ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას გადაიკვეთა. სალომემ ESM-ში სწავლასთან ერთად პროფესიულ განვითარებასაც მიჰყო ხელი და პირველი სტაჟირება ისრაელში, თელ-ავივში გაიარა, სადაც მალევე ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტი ჩაიბარა. ციფრული მარკეტინგის სფეროში მიღებული გამოცდილებით საქართველოში დაბრუნდა და კარიერის შემდგომი საფეხურები ისეთ წამყვან ბრენდებს დაუკავშირა, როგორიცაა:  Silknet-ი, Zara, Massimo Dutti, Dior-ი და  მრავალი სხვა.

წარმატებისა და განვითარების შემდგომი ეტაპი უკვე ავტოინდუსტრიას, კონკრეტულად კი Kia Georgia-სა და Mitsubishi Motors Georgia-ს უკავშირდება. აღნიშნულ კომპანიებში სალომე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. სწორედ Kia Georgia-სა და Mitsubishi Motors-ში მის სამწლიან მოღვაწეობას უკავშირდება კომპანიის სრული რებრენდინგი და ტრანსფორმაციაც. რებრენდინგის პროცესში სწორედ ქართველი მარკეტოლოგი შეირჩა საქართველოს ბაზრის ტრანსფორმაციის ლიდერად.

როდესაც რაიმე განსხვავებულის შექმნა მინდა, წარმოვიდგენ, რომ ისევ ბავშვი ვარ, უჰორიზონტო ფანტაზიით. შემდეგ, ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილება მოშლილი საზღვრების სტრატეგიულ შენებაში მეხმარება და საბოლოოდ იქმნება პროექტი, რომელიც ირეალურის სისრულეში მოყვანის საშუალებას მაძლევს.

აღსანიშნავია, რომ Kia Georgia-ში მუშაობამ მარკეტოლოგს არა მხოლოდ პროფესიული წარმატება, არამედ ევროპის მასშტაბით აღიარებაც მოუტანა. სალომემ Kia-სა და მუსიკალური კულტურის ერთმანეთთან დაკავშირების იდეით Kia-ს ევროპული კრეატიული იდეების კონკურსში გამარჯვება შეძლო. ახალგაზრდა მარკეტოლოგმა 43 ქვეყანას შორის გამარჯვება კატეგორიაში „ყველაზე სიცოცხლისუნარიანი“ მოიპოვა და არაა გამორიცხული, შემდგომში მონაწილის სტატუსიდან უკვე ჟიურის სახითაც წარდგეს კონკურსზე.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. საინტერესოა, რომ სწორედ სალომეს უკავშირდება საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, ამერიკული Hershey-ის გამოჩენაც. სალომე ბრენდის რეგიონული წარმომავლობის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. მისი მიზანი, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე აზიაში, ბრენდის მარკეტინგული განვითარებაა. ცნობისთვის, Hershey-ის გარდა, კომპანიის პორტფოლიო ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა: Reese's-ი, Twizzler's-ი, Brookside-ი და ა.შ.

ამჟამად ქართული მაღალტექნოლოგიური კომპანია CNICK-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორის პოზიციას იკავებს. სალომე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში, მის ევროპელ და ამერიკელ თანამშრომლებთან ერთად, CNICK-ის წარმატებისა და ცნობადობის ზრდას საქართველოს გარდა, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს. ამ ყველაფერთან ერთად კი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც აკადემიური საქმიანობაც შეითავსა. სალომე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ციფრული მარკეტინგის ლექტორია და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობას უზიარებს.

სალომე ჯანაშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.