წინასწარ დასახული ბილიკი, მიმართულება, და თვითმიზანიც კი ხშირად იცვლება, ამიტომ მუდმივი რეკალიბრაციაა საჭირო
დეა გოგიშვილი ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტია. ის ასევე არის მარი სკლოდოვსკა-კიურის კონსორციუმის მკვლევარი დემენციების ბიომარკერების განვითარების სფეროში, მუშაობს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში, ინტეგრაციული ბიოინფორმატიკის ჯგუფში - კვლევა მოიცავს სტრუქტურულ ბიოლოგიასა და მანქანურ დასწავლას. გარდა ამისა, დეა კითხულობს ლექციებს ბიოსტატისტიკაში, სტრუქტურულ ბიოინფორმატიკაში და, პერიოდულად, სხვადასხვა სასწავლო კურსზე მიწვეული ლექტორია. ბოლო წლებია, აქტიურად ხელმძღვანელობს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს, რომლებიც მოიცავს მანქანურ დასწავლას, კომპიუტერულ ბიოლოგიასა და Omics-ს.
დეას ბაკალავრის ხარისხი ქიმიის მიმართულებით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2014-2018 წლებში აქვს მიღებული. ამის შემდეგ მაგისტრატურაში სწავლა გრონინგენისა და უფსალის უნივერსიტეტებში, ინოვაციური მედიცინის მიმართულებით განაგრძო.
ბავშვობიდან მრავალმხრივი ინტერესით გამოირჩეოდა, თუმცა განსაკუთრებით გამოყოფს ჭადრაკით გატაცებას, რომელსაც აქტიურად მიჰყვებოდა ათი წლის განმავლობაში. ის მონაწილეობას იღებდა საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულ ასაკობრივ ტურნირებში. არის საქართველოსა და თბილისის ჩემპიონი, 2010 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე და Women Fide Master-ის წოდება მიენიჭა.
პროფესიის არჩევა მისთვის ერთ-ერთი რთული ეტაპი აღმოჩნდა. სკოლაში არაერთი საგანი აინტერესებდა, თუმცა მისი შთაგონების წყარო ქიმიის მასწავლებელი გახდა, რომელმაც დეას პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა და გადააწყვეტინა, მომავალი STEM-სფეროსთვის დაეკავშირებინა. მოგვიანებით სწავლა კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით გააგრძელა, რასაც ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს.
რაც შეეხება დეას პროფესიულ საქმიანობას, მან საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების შემდეგ, გრონინგენის უნივერსიტეტში იმუშავა პროექტ Activity-based protein profiling-ზე. შემდგომ მიწვეული იყო მკვლევრად კემბრიჯის უნივერსიტეტში და იმუშავა მანქანური დასწავლის მეთოდებზე წამლების დიზაინის განხრით. კვლევა შეეხებოდა არომატაზას ინჰიბიტორების გამოყენებას მკერდის სიმსივნის სამკურნალოდ. 2020 წელს სამაგისტრო ნაშრომისთვის მიიწვიეს „ასტრაზენეკაში“. ნაშრომი შეეხებოდა არაადიტიურობის ანალიზს და მის გავლენას წამლების შექმნის პროცესში. ნაშრომის დასრულების შემდეგ „ასტრაზენეკაში“ კონსულტანტად იმუშავა 2 თვის განმავლობაში სიამის ნეირონულ ქსელზე, სანამ ამსტერდამში დოქტორანტურაში დაიწყებდა სწავლას. დეას ამ დროისთვის 5 სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული საერთაშორისო peer-reviewed -ჟურნალებში. ასევე წიგნის ერთ-ერთი თავი, რომელიც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო ქიმიაში.
ბოლო წელია, დეა YouTube-ის ბლოგერია. მისი ვიდეოების თემები რამდენიმე საკითხს მოიცავს: სწავლა საზღვარგარეთ, მოგზაურობა, წიგნების მიმოხილვა და ყოველდღიური ცხოვრების დღიურები.
წარმატების დეფინიცია ყველასთვის ინდივიდუალურია. ვფიქრობ, პირველ რიგში, აუცილებელია იმის გააზრება, რომ წარმატება „მწვერვალი“ არ არის, ის უფრო ხანგრძლივი პროცესია, პატარ-პატარა „ხედებით“. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში ბედნიერებისა და ხალისის პოვნაა.
დეას მიზანი სადოქტორო კვლევის ბოლომდე მიყვანაა. ის ასევე აპირებს სამეცნიერო საქმიანობი გაგრძელებას, თუმცა პარალელურად სურს, ჩართული იყოს სწავლებაში, სამომავლოდ კი საკუთარი კომპანია დააარსოს.
დეა გოგიშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია მეცნიერების კატეგორიაში.
ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი
ავტორი