გამოცდილებამ მაჩვენა, რომ წინსვლა საკუთარ თავთან ჭიდილსა და სისუსტეების ძლიერ მხარეებად გადაქცევას ახლავს თან
გვანცა სალუქვაძე სოციალური მეცნიერებების დარგში მუშაობს, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. უკვე წლებია, სიღრმისეულად სწავლობს გლობალური ცვლილების შედეგად მაღალმთიან რეგიონებში გამოხატულ სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. ამჟამად ცდილობს, გააფართოოს ცოდნა ტურიზმის შესაძლებლობებისა და მისი გეოგრაფიული კონტექსტის ირგვლივ, მთაში განსხვავებული ეკონომიკური საქმიანობის შესწავლითა და მთის საზოგადოების მედეგ განვითარებაზე დაკვირვებით.
გვანცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების დოქტორობის კანდიდატია. გარდა ამისა, 2020 წლიდან ციურიხის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მიმართულების „სივრცე, გარემო და საზოგადოება (SNS)“ აფილირებული მკვლევარია. ამასთან, მიმდინარე პროექტების ფარგლებში აქტიურ კოლაბორაციაშია ინსბრუკის, ბერნისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტებთან. ასევე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. კვლევითი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს არაერთ ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან, მათ შორის არის ფოლკსვაგენის ფონდი, ავსტრიის განვითარების ფონდი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ა.შ.
გვანცა არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდიატი და პროექტების ძირითადი ჯგუფის წევრი.
აკადემიურ სისტემაში არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებელია წარუმატებელ შემთხვევებთან გამკლავების უნარის ჩამოყალიბება, რაც თითქოს საერთო ყურადღების მიღმა რჩება. ვფიქრობ, უნდა შეგვეძლოს წარუმატებელი შემთხვევების გაზიარება, რაც მე, პირადად, წარმატების საზომად ვაქციე.
პროფესიის არჩევამდე საკმაოდ დიდი გზა გაიარა. ამ კუთხით, მისთვის გადამწყვეტი 2013 წელი აღმოჩნდა, როდესაც საერთაშორისო ინტერდისციპლინურ პროექტში ჩართვა შესთავაზეს. პროექტი გისენის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ადგილობრივი მეცნიერების ჩართულობით, ასევე ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ის მიზნად ისახავდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიწის გამოყენების მდგრადი გადაწყვეტების შემუშავებას და ამის მისაღწევად შესაძლო სცენარებზე მუშაობას.
ეს იყო პირველი საერთაშორისო პროექტი, სადაც მომეცა შესაძლებლობა, რეალური გამოწვევების ეპიცენტრში განსხვავებული დარგის სპეციალისტებთან ერთად მემუშავა და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა საერთო სურათის შესწავლაში. პროექტზე რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი საქმიანობა უნდა დამეკავშირებინა მთიან რეგიონებთან და მთის ხალხთან. სწორედ ეს პროექტი და მისი კვლევის იდეა აღმოჩნდა გარდამტეხი ჩემს პროფესიულ არჩევანში.
გვანცამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ციურიხის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან კოლაბორაციით მთის მდგრადი განვითარების სასწავლო მოდული შექმნა. კურსის შექმნა დაფინანსდა შვეიცარიის მთავრობის მიერ, როგორც უმაღლესი განათლების სისტემაში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ორივე უნივერსიტეტის ინოვაცია. გვანცა წლების განმავლობაში მთიან დასახლებებში დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებასა და მიღებულ ცოდნას სწორედ ამ კურსში უყრის თავს. აღსანიშნავია, რომ გვანცამ და მისმა კოლეგებმა გაიმარჯვეს შვეიცარიის ინოვაციური სასწავლო გრანტების კონკურსში, რის ფარგლებშიც ამ სასწავლო კურსისთვის მიმდინარეობს მობილური აპლიკაცია MTApp-ის შექმნა.
მთის ხალხის ხმის გასაჟღერებლად გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ, იმფაქტ-ფაქტორ ჟურნალებში, მათ შორისაა Annals of Agrarian Science-ი, European Journal of Geography, Caucasus Analytical Digest-ი და სხვა.
ჩემი ‘ბრძოლის ველი’ სცდება სამეცნიერო ჩარჩოებს და აგრეთვე მოიცავს მთის ხალხის საჭიროებების გადაქცევას მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებად. მტკიცებულებებზე დაფუძნებითა და ადგილობრივებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბებული ხედვების ადრესატი პოლიტიკის დოკუმენტები და განვითარების ინიციატივებია.
მთის საზოგადოების ადვოკატირება იმდენად გახდა ჩემი კვლევითი საქმიანობის განუყრელი ნაწილი, რომ ჩემი უპირველესი რჩევა განსაკუთრებით სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებისათვის არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც მათი კვლევის ინფორმანტები არიან, არ განიხილონ მხოლოდ როგორც მონაცემთა წყარო, რომლის მეშვეობითაც მკვლევარს შეუძლია შეიქმნას თავისი კარიერა“.
გვანცა სალუქვაძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია მეცნიერების კატეგორიაში.
ციურიხის უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი
ავტორი