თვითგანვითარება არასდროს მთავრდება - პირიქით, ახლის სწავლა ცხოვრების მთავარი შთაგონების წყაროა
მარიკა აბულაძე მარკეტერი და ტექნოლოგიური ანტრეპრენიორია. ამჟამად მარიკა „თიბისის“ ტექნოლოგიურ კომუნიკაციებს ხელმძღვანელობს და საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტარტაპ Upway-ს უძღვება თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის რანგში. „თიბისიში“ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებად მარიკა სტატუს- (აწ უკვე კონცეპტ-) შეხვედრების კურატორობას და „თიბისის“ სათავო ოფისში მდებარე ფლეგშიპ-სივრცის პროექტის მენეჯერობას თვლის.
განათლების მნიშვნელობას მარიკა კარგად აცნობიერებს, რაც ნათლად აისახა როგორც მის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე, ასევე საკუთარ საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტარტაპზე, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმნა. მარიკას საგანმანათლებლო გამოცდილება ძალიან მრავალფეროვანია: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დასრულების შემდეგ ბოსტონში გაემგზავრა, სადაც Brandeis University-ის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბიზნესისა და საერთაშორისო გლობალური სწავლებების მიმართულებით. თუმცა მარიკა Brandeis-ით არ დაკმაყოფილდა და გაცვლითი პროგრამით Phillips Exeter Academy-სა და University College London-ში ისწავლა.
განათლება - ადამიანის ყველაზე მძლავრი იარაღია. ის ძალასა და საკუთარი თავის რწმენას გვმატებს და ცვლილებებისკენ გვიბიძგებს - როგორც საზოგადოებაში, ასევე საკუთარ თავში.
ტექნოლოგიებითა და მარკეტინგით პირველად სტუდენტობისას დაინტერესდა, სადაც სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით აქტიურობდა, მათ შორის - Visa-ს ფინტექ-აპლიკაციის კვლევასა და განვითარებაში. მოგვიანებით ეს ინტერესი პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა - მარიკამ მსხვილ მარკეტინგულ სააგენტოში, Hill Holiday-ში დაიწყო მუშაობა, სადაც Bank of America-ის ციფრული სტრატეგიის გუნდში დასაქმდა.
ისე კი, სამსახურისა და განათლების გარდა, მარიკას სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე მუშაობაც განსაკუთრებულად უყვარს. მეტიც, ადრეული ასაკიდანვე სჯეროდა, რომ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლიდა. საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტარტაპის, Upway-ის იდეაც ასე მოუვიდა: მეგობრებმა დაინახეს, რომ საქართველოში არ არსებობდა პლატფორმა, რომელიც არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კურსს ერთ სივრცეში მოუყრიდა თავს. დღეს Upway ქვეყანაში არაფორმალური განათლების კურსების ყველაზე დიდი მარკეტპლეისია.
Upway-ში გვჯერა, რომ თვითგანვითარება არასდროს მთავრდება - პირიქით, ახლის სწავლა ცხოვრების მთავარი შთაგონების წყაროა.
მარიკა (მარი) აბულაძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში.