წარსულის მიღწევები ქმნიან საფუძველს მომავლის მწვერვალებისთვის
სალომე ონიანი „ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი და ტექნოლოგიური პროგრამების განვითარების კოორდინატორია. ამის პარალელურად, ის საქართველოში „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორია. მანამდე სალომე არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოწვეულ ლექტორად და პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.
ბავშვობაში განსაკუთრებით იყო დაინტერესებული მათემატიკით, ვინაიდან რიცხვებით თამაში იტაცებდა. „თავისუფალი თემის - „ვინ გინდა, გამოხვიდე?“ -დაწერისას, მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან იმ დროს არ მქონდა გადაწყვეტილი, პროფესიით ვინ მინდოდა, ვყოფილიყავი. ვნერვიულობდი, რომ თუ თემაში ერთ პროფესიას ჩავწერდი და მეორე გამოვიდოდი, ამით მასწავლებელს მოვატყუებდი. თუმცა დღეს ვფიქრობ, 22 წლის წინ არ მითქვამს ტყუილი - მასწავლებელი თუ არა, ლექტორი ხომ გავხდი“.
პროფესიის არჩევისას სალომეს შთაგონების წყარო დედა იყო, რომელიც სკოლაში ფიზიკას ასწავლის. სალომემ ლეჩხუმის სოფელ ჩხუტელში მდებარე ზურაბ ეფაძის სახელობის საჯარო სკოლა დაამთავრა და 2011 წელს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა. უკვე მესამე კურსიდან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ლექტორი გამხდარიყო.
ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, 2015-2017 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე - ინფორმატიკა და მართვის სისტემები - ისწავლა. სალომემ დოქტორის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის 2018 წელს დოქტორანტურის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში Keele University-ის კომპიუტინგისა და მათემატიკის სკოლაში გაემგზავრა სასწავლებლად.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის პარალელურად სალომე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტი გახლდათ. 2018-2021 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეული მასწავლებელი იყო, 2020-2021 წლებში კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა. ბოლო წლებში ის ასევე იყო „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ასისტენტ-პროფესორი და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მოწვეული მასწავლებელი.
აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. არ მიაქციოთ ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან - „ეს შენი საქმე არაა“. დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც ყველა თქვენს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და მოუსმინეთ მათ რჩევებს. ყველა გამოწვევას ორივე ხელით ჩაეჭიდეთ და გააკეთეთ მაქსიმუმი. თუ ერთმა ადამიანმა შეძლო, შენც შეძლებ, მთავარია, მოინდომო და შრომა არ დაგეზაროს.
სალომესთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც კი ცხოვრებაში დღემდე გადაულახავს, დოქტორის ხარისხის მოპოვებაა. სამომავლოდ კი მიზნად საკუთარი სასწავლო დაწესებულების ქონას ისახავს, რომელიც სურს, რომ სტუდენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.
სალომე ონიანი 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია მეცნიერების კატეგორიაში.
„ალტე უნივერსიტეტის“ - ის ოფიციალური ვებ გვერდი
ავტორი