წარუმატებელი მცდელობიდან ხშირად ბევრად მეტი რამ შეიძლება ვისწავლოთ, ვიდრე წარმატებულიდან
ილია კევლიშვილი პოსტდოქტორალური მკვლევარია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), სადაც მუშაობს ახალი კატალიზატორებისა და მულტიფუნქციური პოლიმერული მასალების აღმოჩენაზე მანქანური დასწავლისა და სიმჭიდროვის ფუნქციონალური თეორიის გამოყენებით.
ილიამ სკოლა 2012 წელს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში დაამთავრა. ამის შემდეგ, 2012-2016 წლებში, Franklin & Marshall College-ში სრული დაფინანსებით ისწავლა და მიიღო ორმაგი ბაკალავრის ხარისხი ქიმიასა და მათემატიკაში. 2016-2021 წლებში დოქტორანტურაში ქიმიის მიმართულებით პიტსბურგის უნივერსიტეტში ისწავლა, კვლავ სრული დაფინანსებით.
ბავშვობაში დიდ ინტერესს იჩენდა მათემატიკის მიმართ. გარდა ამისა, კითხვა და კომპიუტერული თამაშები უყვარდა. ქიმიით კი დროთა განმავლობაში, ინფორმაციის ათვისების პარალელურად დაინტერესდა. კოლეჯში სწავლის პერიოდში მიხვდა, რომ თეორიული ქიმია იზიდავდა, რადგან ის მოითხოვს უფრო საბაზისო იდეების დაკავშირებას ექსპერიმენტულ შედეგებთან.
პროფესიის არჩევისას დიდი როლი ითამაშა მისმა ცნობისმოყვარეობამ. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ ქიმია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელიც გადაგვალახვინებს დღეს ჩვენ წინაშე არსებულ დიდ გამოწვევას - გლობალურ დათბობას. ილიას მომავალში სწორედ ისეთ საკითხებზე სურს მუშაობა, როგორიცაა განახლებადი ენერგია, carbon capture, და მარტივად გადამუშავებადი პოლიმერები (პლასტმასა). ილიას უნდა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური დათბობის პრობლემის გადაჭრის მიმართულებით.
ვინც მეცნიერებითაა დაინტერესებული, იმ ხალხს მინდა შევახსენო, რომ როდესაც ცდილობ, ახალი „ცოდნა“ შექმნა, რაც მეცნიერების განუყოფელი ნაწილია, წარმოუდგენელია, არ შეხვდე მრავალ წინაღობასა და წარუმატებლობას. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ ერთ წარმატებულ ექსპერიმენტს თან ახლავს უამრავი წარუმატებელი მცდელობა და ამის გამო ყურების ჩამოყრა მიუღებელია. წარუმატებელი მცდელობიდან ხშირად ბევრად მეტი რამ შეიძლება ვისწავლოთ, ვიდრე წარმატებულიდან. ზოგადად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ არა უშავს, თუ რამე ბევრჯერ არ გამოგივა - ამის გამო დანებება არ ღირს.
დოქტორანტურაზე სწავლის განმავლობაში ილია ლექტორად მუშაობდა - პირველად ორგანული ქიმიის ლაბორატორიაში, შემდეგ კი ორგანული ქიმიის სემინარებზე. რაც შეეხება მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებშიც მონაწილეობა მიუღია, ის გამოყოფს ახალი ჰიდროამინაციის კატალიზატორის თეორიულ დიზაინზე მუშაობას.
მისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად imposter syndrome-ს ასახელებს - ეს არის იმის შეგრძნება, რომ არ იმსახურებ იქ ყოფნას, სადაც ხარ. ამის გადასალახად ილიას დასჭირდა იმის გაცნობიერება, რომ აღნიშნულ შეგრძნებასთან ერთად ცხოვრება მოუწევს.
ილია კევლიშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია მეცნიერების კატეგორიაში.