ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ნუცა აბაზაძე

 

მონაცემთა ანალიტიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

ნუცა აბაზაძე მონაცემთა ანალიტიკოსია. ამჟამად ნუცა „თიბისის“ ანალიტიკური (AI/ML) პროექტების ლიდერია. „თიბისიში“ მისი მთავარი მიზანი მონაცემების სწორად გაგება და მათზე დაყრდნობით ღირებული დასკვნების გამოტანაა. როგორც თვითონ ამბობს, თავისი სამუშაო ძალიან უყვარს, რადგან ის ბევრი მაგარი საქმის გაკეთების საშუალებას აძლევს. ნუცას თქმით, მონაცემთა ანალიტიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - სწორედ ამ მეცნიერების დამსახურებაა, რომ Spotify ჩვენთვის სასურველ მუსიკას, ხოლო Netflix-ი ფილმებს გვთავაზობს.

მონაცემთა ანალიტიკას საკუთარი ცხოვრება ნუცამ წლების წინ დაუკავშირა. თავდაპირველად ეკონომიკას სწავლობდა, მაგრამ მეოთხე კურსზე ბიზნესის  საკონსულტაციო კომპანიაში მოხვდა, სადაც მცირე ზომის მონაცემებთან მოუწია მუშაობა და მიხვდა, რომ მონაცემთა ანალიზი სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა და აინტერესებდა. ამიტომაც სწავლა გერმანიაში გააგრძელა, სადაც სტატისტიკა ისწავლა და ცხოვრებაში პირველად კოდი დაწერა.

მაგისტრატურის გავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ყველაზე მოთხოვნად უნარებს ფლობდა და მალევე „თიბისიში“ დასაქმდა მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. სხვადასხვა მონაცემით მართულ პროექტზე მუშაობისას მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ბიზნესპრობლემების ახლებური მიდგომებით გადაჭრა აინტერესებდა, რის გამოც ანალიტიკური პროექტების მართვას მიჰყო ხელი.

ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა მონაცემთა ანალიტიკის შესახებ და თუ ამგვარად საყვარელ საქმეს ერთი მათგანი მაინც იპოვის, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ისე კი, მონაცემთა ანალიტიკოსობის გარდა, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაც უყვარს - როგორც ფორმალურად, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. დაინტერესებულ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის LinkedIn -ი აირჩია, რომლის დახმარებით გამომწერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას და საკუთარ გამოცდილებას სთავაზობს, საერთაშორისო პრაქტიკას უზიარებს და რჩევებსაც გასცემს. ახლა ცოდნის გაზიარებას უფრო ფორმალურადაც გეგმავს, რის გამოც მონაცემთა ანალიტიკის სასწავლო მოკლევადიან პროგრამაზე მუშაობს.

მოსწავლეებსა და სტუდენტებს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი შრომით, საკუთარ თავზე მუშაობით და სწორი ღირებულებებით ყველაფერი შესაძლებელია - დაპირებული ტკბილი კენწერო მართლაც არსებობს!

ნუცა აბაზაძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.