ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ანი ჯანუყაშვილი

 

შრომა და პროფესიონალიზმი ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელთაც დასახულ მიზნებამდე მივყავართ

ანი ჯანუყაშვილი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეა. ამ ორგანიზაციის მთავარ მიზანს ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა, მწვანე ტექნოლოგიური პროექტების განვითარება და ინვესტიციების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამასთანავე, ანი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ტიპის პრო-ბონო-აქტივობებში როგორც ენერგეტიკის, ასევე სხვა მიმართულებებით.

ანი ჯანუყაშვილის ინიციატივით, გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოში, ჯამში ორი მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო პროექტები ხორციელდება, რომელთა ფარგლებში, ოცამდე საჯარო სკოლის, უნივერსიტეტისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობები ინდივიდუალური მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა. ამასთანავე, აღნიშნული პროექტები საზოგადოების მწვანე ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებას, ევროპული გამოცდილების დანერგვას და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას ემსახურება, რაც შემდგომ წლებში კლიმატის ცვლილების კუთხით მნიშვნელოვან და მარტივად გაზომვად შედეგებს მოიტანს.

ჩემი მთავარი მოტივაცია ისეთი პროექტების განხორციელებაა, რომელთა მეშვეობითაც იცვლება გარემო, ადამიანების ცნობიერება და იქმნება საფუძველი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

უშუალო პროფესიული გამოცდილების გარდა, ანის ერთ-ერთ მიზანს ცოდნის გავრცელება წარმოადგენს, რასაც ის სხვადასხვა ტიპის პრო-ბონო-აქტივობებით ახერხებს. ანი ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ლიდერია. ის საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მოქალაქეთა ენერგეტიკული მოძრაობისა და ადგილობრივი ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბების სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობს.

მჯერა, რომ შრომა და პროფესიონალიზმი ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელთაც დასახულ მიზნებამდე მივყავართ.

თუმცა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ენერგეტიკის ინდუსტრიაში ანი არცთუ ისე სწორხაზოვნად მოხვდა. თავის დროზე ანი ჯერ კავკასიის ბიზნესსკოლაში სწავლობდა ფინანსების განხრით, ხოლო შემდეგ განათლება გერმანიაშიც მიიღო, სადაც ინვესტიციებით დაინტერესდა. მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა, სადაც, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამის მონაწილედ შეირჩა და იმ დროს ყველაზე მსხვილ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მომუშავე საჯარო უწყებაში, ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმდა.

ანისა და სუფთა ტექნოლოგიების ურთიერთობა სწორედ მაშინ დაიწყო. აღნიშნული მიმართულება ანისთვის იმდენად საინტერესო გახდა, რომ მიზნად დაისახა როგორც ტექნიკური ცოდნის გაღრმავება, ასევე ენერგეტიკაში აკადემიური ხარისხის მოპოვება - დღეს ანი უკვე დოქტორის აკადემიური წოდების კანდიდატია მენეჯმენტის მიმართულებით. ანის აზრით, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების სწორი მენეჯმენტით და მათი თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმით შეგვიძლია, ჩვენი პლანეტა მეტად ეკომეგობრული გავხადოთ და ის უკეთეს საცხოვრებელ ადგილად ვაქციოთ.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მწვანე ტექნოლოგიები - მთავარი იარაღია. ამგვარად, საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით ახალი თაობების, განსაკუთრებით კი ქალების მეტად დაინტერესება ჩემს ერთ-ერთ მისიად მიმაჩნია.

ანა ჯანუყაშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.