ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: გიორგი ურუშაძე

 

როცა გჯერა და არ ჩერდები, ყველაფერი გამოდის

გიორგი ურუშაძე Factory Berlin-ის არტ-დირექტორი და საქართველოში ადამიანების გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დამაკავშირებელი პირველი სოციალური ქსელის, Tasteit-ის დამაარსებელია. Dating-ისა და Food-ის დაკავშირების კრეატიულმა იდეამ უკვე მოიპოვა დაინტერესებაც და „შარქ თენქ საქართველოს" გამარჯვებული სტარტაპიც გახდა.

თუმცა საკუთარი პლატფორმის გარდა, გიორგის კარიერა მრავალ მნიშვნელოვან ეტაპსა თუ კომპანიას აერთიანებს. გიორგი წლების განმავლობაში ჟურნალისტად და მთავარ რედაქტორად მუშაობდა, საზოგადოებრივ მაუწყებელში კი ახალი მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამ ყველაფერთან ერთად, Art Director-ის პოზიციას ისეთ კომპანიებში იკავებდა, როგორიცაა: INNOCEAN Berlin-ი, Publicis Groupe და Ogilvy Germany, ხოლო Vism-ში კრეატიული ხელმძღვანელი იყო.

გარდა ამისა, გიორგი Edulab.ge-ის თანადამფუძნებელია, ხოლო GIPA-ში, ციფრული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამაზე, მოწვეული ლექტორი გახლდათ. ამჟამად კი საერთო სამუშაო და სტარტაპებისთვის განკუთვნილ ინოვაციურ სივრცეში, Factory Berlin-ში Art Director-ის პოზიციას იკავებს.

სამუშაო გამოცდილებაზე არანაკლებ საინტერესო გიორგისთვის განათლების მიღების პერიოდი აღმოჩნდა. გერმანიაში, კერძოდ Steinbeis School of Management and Innovation-ში მარკეტინგის განხრით სამაგისტრო ხარისხის მიღების შემდგომ, გიორგიმ სრული დაფინანსებით სწავლა Miami Ad School-ის ბერლინის ფილიალში, Art direction-ის მიმართულებით დაიწყო, სადაც  მის ცხოვრებაში მალევე მოულოდნელი ცვლილება მოხდა. სასწავლებლის მენეჯმენტის შეთავაზებით, გიორგი უნივერსიტეტის გუნდს შეუერთდა და Miami Ad School Berlin-ისა და Miami Ad School Hamburg-ის სოციალური მედიის მენეჯერი გახდა.

Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სკოლაა, რომელიც სწორედ Art direction-ზე, გრაფიკულ დიზაინზე, სტრატეგიულ დაგეგმვასა და სხვა მსგავს სფეროებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, გიორგისთვის Miami Ad School-ში მუშაობა იყო ის შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა.

საქართველოში ადამიანების გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დამაკავშირებელი პირველი სოციალური ქსელის შექმნის იდეა კი სარეკლამო სააგენტო Ogilvy Berlin-ში Foodpanda-ს ბრიფზე მუშაობის დროს გაუჩნდა. ორი სიტყვის, Dating-ისა და Food-ის დაკავშირებით შეიქმნა სტარტაპი, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს. Tasteit-ი არის პლატფორმა, რომელიც ადამიანების დაკავშირების გარდა, კერძებსა და სასმელებს გარკვეულწილად „ინფლუენსერებადაც“აქცევს, რომელთაც საკუთარი გამომწერებიც კი ეყოლებათ.

მხოლოდ იდეით, გიორგი სამ დღეში საქართველოში დაბრუნდა და გადაცემა Shark Tank-ში მიიღო მონაწილეობა.

შოუში მხოლოდ იდეით გავედი, ამის გამო, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა, თუმცა ვიცი, რომ როცა იდეისა და შენი თავის გჯერა და არ ჩერდები, ყველაფერი გამოდის. ჰოდა, არ გავჩერდი. გამოვიდა.

მონდომება და შეუპოვრობა დაფასდა და TasteIt-ი გადაცემის გამარჯვებული სტარტაპი გახდა. გიორგიმ პავლე მგელაძისა და ქეთი ქვარცხავასგან, ბიზნესის 50%-იანი წილის სანაცვლოდ, 100 000 ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ინვესტიციაზე მნიშვნელოვანი მისთვის Shark Tank-ის საშუალებით მოპოვებული პარტნიორობაა.

სამომავლოდ გიორგი გუნდთან ერთად როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ  დამატებითი გრანტების მოპოვებას გეგმავს. Shark Tank-ში მოპოვებული თანხა კი აპლიკაციის აწყობასა და მის ჩაშვებას ხმარდება. გეგმები საკმაოდ ამბიციურია და TasteIt-ის ისეთ ქართულ სტარტაპად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც მსოფლიო ბაზარზე შეძლებს თავის დამკვიდრებას. 

გიორგი ურუშაძე 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.

 

გიორგი ურუშაძე - პირადი ვებ გვერდი

Edulab.Ge - ის ფეისბუქ გვერდი

Factory Berlin - ის ოფიციალური ვებ გვერდი

Forbes.ge

ავტორი