ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: მარიამ ცანავა

 

ერთი დაწკაპუნებით დაწყებული თვითგანათლება

საგანმანათლებლო პლატფორმა Upway სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩაეშვა და უკვე ორასამდე სასწავლო კურსი და ათეულობით პარტნიორი ორგანიზაცია გააერთიანა. მრავალი საგრანტო პროგრამისა თუ პროექტის გამარჯვებული სტარტაპის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კი მარიამ ცანავაა, რომელიც Upway-ზე მუშაობის პარალელურად, ამჟამად უკვე VELI.store-ში ბრენდის ლიდერია.

მარიამ ცანავამ მაგისტრის ხარისხი ბარსელონაში, EAE Business School-ში, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მოიპოვა. ბარსელონამდე იყო კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლა და გაცვლითი პროგრამა ჩეხეთში, Universtity of New York in Prague-ში, რომლის ფარგლებში მარიამმა ცოდნა მასობრივი კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მიმართულებით გაიღრმავა. ერთ-ერთი პირველი გამოცდილება კი „ბანკ რესპუბლიკაში“ მიიღო, სადაც მარიამი PR and lifestyle Officer-ის პოზიციას იკავებდა.

ანტრეპრენიორული საქმიანობისა და სხვადასხვა წამყვან კომპანიაში დაკავებული პოზიციების გარდა, მარიამის სამსახურებრივი გამოცდილება აკადემიურ სფეროსაც მჭიდროდ უკავშირდება. მარიამი საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მიწვეული ლექტორის რანგში, მარკეტინგული კვლევებისა და ბრენდინგის ლექციებს ატარებდა. რაც შეეხება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) აქ უკვე ასისტენტ-პროფესორის სტატუსით მოგვევლინა. გარდა ამისა, მარკეტერ-აქსელეტორებში, Epam-სა და Spark-ში, მენტორი გახლდათ.

მარიამის კარიერასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი „თიბისი ბანკში“ გატარებულ წლებს უკავია. სწორედ „თიბისი ბანკს“ უკავშირდება საგანმანათლებლო პლატფორმა Upway-ის შექმნა. მარიამი წლების განმავლობაში ბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერისა და მარკეტერის პოზიციას იკავებდა. „თიბისიში“ მუშაობისას მარიამის როლი სარეკლამო და ბრენდკამპანიების ორგანიზებას, ღონისძიებების დაგეგმვასა და community-მენეჯმენტს მოიცავდა.

ახალი აღმოჩენების ძიების პროცესში ყველაზე მეტად ცნობისმოყვარეობა და სიახლეებისადმი ღიაობა მეხმარება. ამ პროცესში კი აუცილებელია, მზად იყო ახალი თავგადასავლებისთვის. ამასთან, შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ ეს არასდროს უნდა აქციო ბარიერად წინსვლის გზაზე.

საგანმანათლებლო სტარტაპის შექმნის იდეა მარიამსა და „თიბისის“ მარკეტინგის მიმართულების თანამშრომლებს, მარი აბულაძესა და მარიშა გოგოლაურს, ჯერ კიდევ პლატფორმის ჩაშვებამდე ორი წლით ადრე გაუჩნდათ. გოგონები მიხვდნენ, თუ რა რთული იყო საქართველოში არაფორმალური განათლების ხარისხიანი რესურსის მოძიება და გაფილტვრა და მიზნად მსურველთათვის ამ პროცესის გამარტივება დაისახეს. საბოლოოდ, „თიბისის“ პროექტ „სტარტაპ დეკრეტში“ მონაწილეობის მიღებაც გადაწყვიტეს.

„სტარტაპ დეკრეტი“ გამარჯვებულ თიბისელებს 6-თვიანი, სრულად ანაზღაურებული დეკრეტით სარგებლობისა და საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევის საშუალებას აძლევდა. პროექტის რჩეული სწორედ მარკეტოლოგი გოგონების მიერ შექმნილი სტარტაპი Upway გახდა. ახალი პლატფორმა ქართულ ბაზარზე განათლების მიღებისა და თვითგანვითარების მსურველი ადამიანების მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან დაკავშირებას უზრუნველყოფდა.

„თიბისის“ პროექტში გამარჯვების შემდგომ Upway საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა, რომლის დახმარებითაც პლატფორმის mpv-ვერსია განახორციელა. წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ის პრეაქსელერატორის პროგრამაც და რჩეულთა შორისაც მოხვდა. კიდევ ერთი გამარჯვება Upway-იმ სტარტაპ-კონკურსის, Big Idea Challenge-ის ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიაში მოიპოვა. საბოლოოდ პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხარისხიანი კურსების პროვაიდერებს აერთიანებს, 30 კომპანიასთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის იანვარში გაეშვა.

ამჟამად მარიამი Upway-ში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებას ხელმძღვანელობს და საკუთარი ბრენდის განვითარებაზე ზრუნავს. როგორც თავადაც ამბობს, პლატფორმა გლობალურად მასშტაბირებადი და საერთაშორისო პოტენციალის პროექტია, რომელიც ქართულ რეალობაში ტესტირების შემდგომ ჯერ მეზობელ ქვეყნებში, შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზეც გავა.

მარიამ ცანავა 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.