თუ არაფერი ფუჭდება, ესე იგი არასაკმარისად ინოვაციური ხარ!
თორნიკე ასათიანი საგანმანათლებლო ტექნოლოგიური კომპანია Edumentors-ის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორია. Edumentors-ი გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე არსებული ონლაინპლატფორმაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, მათ შორის კემბრიჯში, ოქსფორდში, ჰარვარდსა და სტენფორდში კერძო რეპეტიტორებთან აკავშირებს. Edumentors-ის მთავარი ამოცანა სკოლის მოსწავლეებისთვის მათზე მორგებული განათლების მიცემა და მათთვის საოცნებო უნივერსიტეტისა და მომავალი კარიერული წარმატებისკენ გზის გამარტივებაა.
ტექნოლოგიებით თორნიკე პირველად 2018 წელს, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლის შემდეგ დაინტერესდა, როცა London Business School-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოხვდა. ჩასვლიდან მალევე, თორნიკემ უძრავი ქონების ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთ სტარტაპში, ვირტუალურ რეალობაში ბინებისა და სახლების მოწყობის აპლიკაციის კომპანია Decology-ში დაიწყო მუშაობა. ამ აპლიკაციის დახმარებით, ისინი მომხმარებლებს საგრძნობლად უმარტივებდნენ თავიანთი საცხოვრებლის რემონტისა თუ ავეჯის შერჩევის პროცესს.
როგორც თორნიკე ამბობს, მან სწორედ Decology-ში გაიაზრა ტექნოლოგიის გლობალური მასშტაბირების უზარმაზარი პოტენციალი, რამაც ამ სფეროში დარჩენა გადააწყვეტინა.
გაერთიანებულ სამეფოში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებამდე თორნიკე საქართველოში ცხოვრობდა, სადაც გარემოსდაცვით საკონსულტაციო კომპანია Ecoman-ს ხელმძღვანელობდა - თორნიკეს კომპანია Mercedes-ს, McDonalds-ს, Peugeot-ს, Renault-სა და სხვა ცნობილ საერთაშორისო ბრენდს უწევდა კონსულტაციებს. როგორც თორნიკე ამბობს, კომპანია სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის მისეული სურვილი მაინც ვერ გადაფარა. თორნიკემ ბიზნესი თავის პარტნიორს გადააბარა, თვითონ კი გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა.
თუ არაფერი ფუჭდება, ესე იგი არასაკმარისად ინოვაციური ხარ!
ამბობს თორნიკე და დასძენს, რომ, მისი აზრით, ეს ციტატა ანტრეპრენიორულ ცხოვრებას საუცხოოდ მიესადაგება. საინტერესოა, რომ თავად ეს ფრაზა თორნიკეს პროფესიულ გამოცდილებასაც ასახავს - Decology-მ აქსელერაციის შემდეგ ინვესტიცია ვერ მოიზიდა და დაიხურა, მაგრამ თორნიკე არ გაჩერდა და ჯანმრთელობის ტექნოლოგიების ინდუსტრიის ბრიტანულ სტარტაპს, PCL Health-ს შეუერთდა, საოპერაციო დირექტორის (COO) პოზიციაზე. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს თორნიკე საქართველოში დაბრუნდა და რამდენიმე ახალი ტექნოლოგიური პროექტიც დაიწყო, საბოლოოდ კი, ახლა, ის სრული ენერგიით Edumentors-ის საერთაშორისო ზრდაზეა გადართული.
ვფიქრობ, რომ საქართველოში ახალი პროფესიის ასათვისებლად საუკეთესო ასაკი 20-დან 25 წლამდე შუალედშია.
თორნიკეს აზრით, განათლება და ტექნოლოგია სწორედ ის სფეროებია, რომლებიც მას ყველაზე მეტად აინტერესებს. ამასთანავე, თორნიკე ამ მიმართულებებით არსებულ პრობლემებსაც ხედავს - მისი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სასკოლო განათლება არაინდივიდუალური და ზედმეტად სტანდარტიზებულია, რის გამოც მოსწავლეთა უმეტესობა საკუთარი ინტერესების განსაზღვრას ვერ ახერხებს. თორნიკე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ბოლო წლები და ბაკალავრიატის დასრულებიდან პირველი რამდენიმე წელი საუკეთესო პერიოდია, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლება, მოქნილობა, ენერგია და დრო, რომელიც შეუძლია, ახალი სფეროსა თუ პროფესიის ათვისებას დაუთმოს.
თორნიკე ასათიანი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.
Edumentors - ის ოფიციალური ვებ გვერდი
ავტორი