ტექნოლოგიური პროგრესი დღევანდელი მსოფლიოს რეალობა და უკეთესი მომავლის წინაპირობაა
ვალერი ქუფარაშვილი EPAM Georgia-ს Senior Software Engineer-ია. ის ტექნოლოგიებითა და პროგრამირებით ბავშვობაში დაინტერესდა, 12 წლის ასაკში პროგრამირების სწავლა დაიწყო და 13 წლის იყო, როცა ვებტექნოლოგიების გამოყენებით პირველი ონლაინთამაში შექმნა. მოგვიანებით, ტინეიჯერობისას, ვალერი „ვეგა სტარტაპ ლაბის” სააქსელერაციო პროგრამის მონაწილე სტარტაპს, Lingwing-ს შეუერთდა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ვალერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ტექნოლოგიური პროგრესი დღევანდელი მსოფლიოს რეალობა და უკეთესი მომავლის წინაპირობაა.
მოგვიანებით ვალერი გერმანულ ტექნოლოგიურ კომპანიაში Lead Software Engineer-ის პოზიციაზე დისტანციურად დასაქმდა. დეტალებზე მეტად ორიენტირებულობა, პროგრამირების უფრო თანამედროვე მიდგომების სწავლა და ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა იყო ახალი გამოწვევა, ისევე როგორც დასავლური სტანდარტების ათვისება პროგრამირებასა და მენეჯმენტში. ზოგადად კი ვალერი პროაქტიულად იყო ჩართული პროგრამირების, ბიზნესის საჭიროებების ანალიზის, შემუშავებისა და შექმნის პროცესში როგორც front-end-ის, ასევე back-end-ის მიმართულებით.
წარმატება - პროცესია, რომელიც საყვარელი საქმის აღმოჩენით იწყება და მისი კეთებით, შესწავლით, შრომითა და შეუპოვრობით გრძელდება. ყოველ მიღწეულ მიზანს ახალი გამოწვევა, ხედვა და შესაძლებლობა მოჰყვება, რაც პროფესიას მუდმივი განვითარების წყაროდ და სასიამოვნო თავგადასავლად აქცევს.
ვალერის კარიერულ გზაზე შემდეგი გაჩერება EPAM-ი აღმოჩნდა, სადაც მან Senior Software Engineer-ის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და მალევე გახდა რესურს-მენეჯერი. ეს იყო სტრატეგიული ნაბიჯი ორმხრივი კარიერისკენ, რა დროსაც აგრძელებდა პროგრამირების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, და ამავდროულად მენეჯმენტის მიმართულებაც წინ წამოსწია.
აქედან კი EPAM-ის კლიენტის პროექტზე, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრანსნაციონალურ, სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა Senior Software Engineer-ის პოზიციაზე. ვალერი საერთაშორისო ეჯაილ-გუნდში მუშაობს, რომელიც EMEA-ს რეგიონში საქმიანობს. მის უშუალო მოვალეობაში შედის როგორც მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის ვებაპლიკაციის შექმნა, ასევე ბიზნესგადაწყვეტილებების განხილვა და მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტის იმპლემენტაცია.
თუმცა ვალერის საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება - EPAM-ში ის JavaScript-ის პრაქტიკის მიმართულებით მენეჯერულ საქმიანობაშიც არის ჩართული, რაც მოიცავს მისი გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებასა და ადაპტაციაში დახმარებას, საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და ახალწვეულებისთვის კორპორაციული კულტურის გაზიარებას.
დამწყებ პროგრამისტებს ვურჩევ, კონკრეტულ კომპანიას დიდი ხნით არ მიეჯაჭვონ, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და საკუთარ თავს ახალი გამოწვევები დაუსახონ მიზნად.
მისთვის წარმატება წარმოუდგენელია ამ სფეროში სხვებისთვის დახმარების გაწევის გარეშე. ხშირად ეკონტაქტებიან პროგრამირების სწავლით დაინტერესებული ადამიანები. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად უსასყიდლოდ, ინდივიდუალურად ადგენს სასწავლო გეგმას ინტერნეტში არსებული უფასო რესურსებით და ამ გზით ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიების საქართველოში პოპულარიზებას.
ეს ყველაფერი შთამბეჭდავად დააგვირგვინა Forbes 30 Under 30-ის სიაში მოხვედრამ, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს მის რეზიუმეში. ვალერისთვის ეს არის ერთგვარი დასტური იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება და დამატებითი მოტივაციაა ამ გზის გასაგრძელებლად.
ვალერისთვის სამომავლო გეგმები დაკავშირებულია პირად და კარიერულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებასთან, ისევე როგორც საერთაშორისო, დასავლური ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გაზიარება-დანერგვასთან, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურების გზით და სტარტაპებისთვის დახმარების გაწევით.
ვალერი ქუფარაშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.