ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ლიზი რამიშვილი

 

ყველაზე მნიშვნელოვანია აკეთო ის, რაც გიყვარს და გაბედნიერებს


ლიზი რამიშვილი მუსიკოსია, კერძოდ კი ჩელისტი. მუსიკის მიმართ დიდ
ინტერესს ბავშვობიდან იჩენდა. საბოლოოდ, 23 წლის ასაკში გადაწყვიტა, მთელი
თავისი რესურსი ამ მიმართულებით გამოეყენებინა, ვინაიდან, დაკვრის დროს
თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს.

ლიზის შთაგონების წყარო ოჯახია. როგორც ამბობს, პროფესიის არჩევისას მის
გადაწყვეტილებაში უდიდესი როლი სწორედ ოჯახმა ითამაშა.

ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან. მათ გადაწყვიტეს,
მუსიკალური განათლება მეც მიმეღო. ამის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ,
პირიქით, დედაჩემი ორკესტრში მუშაობდა, ბავშვობიდან დავყავდი ოპერასა და
ბალეტზე და ძალიან მომწონდა ეს სფერო. თავიდან ფორტეპიანოზე შემიყვანეს.
ერთი წელი ვსწავლობდი დაკვრას, მაგრამ მერე მშობლებმა გადაწყვიტეს,
სიმებიან საკრავებზე გადავეყვანე. 

2003 წელს, ლიზი მშობლებმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ
სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედში“ შეიყვანეს, ჩელოს ფაკულტეტზე.
„ნიჭიერთა ათწლედის“ დამთავრების შემდეგ, 2014-2015 წლებში სწავლა
გერმანიაში, კრონბერგის აკადემიაში განაგრძო, სადაც პიტერ უსტინოვისა და
ბორის პერგამენშიკოვის სტიპენდიები მოიპოვა. 2010-2015 წლებში ის ასევე იყო
მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის ფონდის სტიპენდიატი.

2016-2017 წლებში ბაკალავრიატის პირველ კურსზე შვეიცარიაში, ჟენევის
კონსერვატორიაში ისწავლა. ამის შემდეგ კი სწავლა ესპანეთის დედაქალაქ
მადრიდში „დედოფალ სოფიას სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ განაგრძო.
ლიზიმ თავი აქაც გამოიჩინა და ისააკ ალბენისის სახელობის ფონდ „Albéniz
Foundation“-ის სტიპენდია მოიპოვა.

ლიზის სცენაზე შვიდი წლის ასაკიდან დგას. მისთვის ყველა კონცერტი
მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, თუმცა გამოარჩევდა ღონისძიებებს,
რომლებზეც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან თანამშრომლობის
შესაძლებლობა მიეცა. მათ შორის ლიზი ივრი გიტლისს, იური ბაშმეტს, ხატია
ბუნიათიშვილს, რენო კაპუსონასა და ჯანანდრეა ნოზედას ასახელებს. მის
მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი
მომენტი კარნეგი ჰოლში დებიუტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იცოდა, მუსიკა მის ცხოვრებაში უდიდეს
ადგილს დაიკავებდა, თავი არ შეუზღუდავს სხვადასხვა სფეროს მიმართ
გაჩენილი ინტერესი დაეკმაყოფილებინა, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ
თეორიული ცოდნის მიღებით შემოიფარგლებოდა. ბავშვობაში სპორტით,
კერძოდ ფეხბურთით იყო გატაცებული, ასევე სურდა, გამომძიებელი, ადვოკატი
ან ფსიქიატრი გამხდარიყო. სკოლის დამამთავრებელ კლასში კი მისი ყურადღება
ფიზიკამ მიიპყრო.

ვფიქრობ, წარმატების სწრაფად მიღწევაზე ყურადღება არ უნდა გაამახვილო.
მთავარია, იპოვო ის საქმე, რომლის კეთებაც გაგაბედნიერებს და მისთვის
თითოეულ წამს სიამოვნებით დახარჯავ. შრომა, რომელიც გულწრფელი და
უანგარო სიყვარულით საზრდოობს, ყოველთვის დაფასდება და წარმატებაც
თავისით მოვა, აჩქარება საჭირო არ არის. არც სხვასთან შეჯიბრი და ვინმესთვის
თავის შედარებაა საჭირო - ეს სულიერ სიმშვიდეს დაგირღვევს. მიზნის დასახვის
დროს კი საკუთარი თავი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.

ლიზი რამიშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია კულტურა და სტილის კატეგორიაში.

 

ლიზა რამიშვილი - ჩაიკოვსკი