ქეთევან ვაჩიბერიძე, პლატფორმა B2C.GE-ს თანადამფუძნებელი
გამბედავი გადაწყვეტილების მეშვეობით საქართველოს ბაზარზე მოვიპოვეთ კონკურენტული უპირატესობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებთან მიმართებაში
მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული ვაჭრობისა და კომერციის წილი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ონლაინვაჭრობიდან მიღებული თანხა გლობალურ ბაზარზე $2.86 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი $4 ტრილიონს გადააჭარბებს, 2021 წლისთვის კი $4.88 ტრილიონს მიაღწევს.
საქართველო ნელ-ნელა უერთდება ამ მსოფლიო ტენდენციას. თუმცა 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ონლაინგაყიდვების წილი საერთო საცალო გაყიდვებში 1%-ზე ნაკლები იყო, ბაზარზე არსებულ ონლაინმაღაზიების რიცხვი კი დაახლოებით 600-ს უტოლდებოდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ქეთევან ვაჩიბერიძემ სექტორის განვითარება და კომპანია B2C.GE-ის შექმნა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელ. კომერციის განვითარებას შეუწყობდა ხელს.
B2C.GE – ეს არის პლატფორმა, რომელიც ელექტრონულ კომერციას ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის!
პრატფორმა საშუალებას აძლევს მეწარმეებს, მარტივად და დამოუკიდებლად შექმნან ონლაინმაღაზია. ის ეხმარება მცირე თუ საშუალო ბიზნესს, ინვესტიციის გარეშე გავიდნენ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე.
პლატფორმა მოიცავს ონლაინ ბიზნესისთვის საჭირო ყველა კომპონენტს − დაწყებული ინტეგრირებული ონლაინ გადახდებითა და სხვადასხვა მარკეტინგული ხელსაწყოებით, დამთავრებული მარაგების მართვისა და მიწოდების სერვისებით.
პლატფორმამ ძალიან მალე მიაღწია წარმატებას და შეძლო სექტორში წამყვანი პოზიციების დაკავება. B2C. GE-ის დახმარებით, ბაზარზე 100 -ზე მეტი ახალი ონლაინმაღაზია შეიქმნა.