ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ანა ყიფიანი

 

იყავით გულწრფელები, კეთილები და მიიღეთ სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებთ

ანა ყიფიანი პიანისტია. ის ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯსა და პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა. ანა არაერთი პრემიის, გრან–პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორიცაა: კანადის საერთაშორისო კონკურსი, „Piano Campus“-ი - საფრანგეთი, მარია ერეროს პიანისტთა კონკურსი - ესპანეთი. ის ასევე „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის აკადემიის ელჩი იყო. გარდა ამისა, ანა ჟიურის წევრად იყო მიწვეული რუმინეთში, ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე. ჩატარებული აქვს მასტერკლასები მონტერეის კონსერვატორიაში. 

ანა მოსკოვში, 1994 წელს დაიბადა. მის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი დედასა და ბებიას მიუძღვით. ის სამწლინახევრის იყო, როდესაც დედამ ექსპერიმენტულ ბაღში შეიყვანა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ. უკვე 5 წლის ასაკში კი ანამ ორკესტრთან ერთად შეასრულა ბერკოვიჩის სამნაწილიანი კონცერტი, რომელსაც ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა.

ანა ყიფიანმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მუსიკის მიმართულებით კი ნიჭიერთა ათწლედში ისწავლა. ამის შემდეგ, 2012 წელს, ანამ მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში ჩააბარა, რომელიც 2017 წელს წითელიდიპლომით დაამთავრა.

ყველაზე მეტად მაინც იმით ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე. საქმე ის არის, რომ მოსკოვის კონსერვატორია თავის წარჩინებულ სტუდენტებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე აძლევს განათლებას და საკმაოდ სოლიდურ სტიპენდიასაც უნიშნავს, მაგრამ ამისთვის საკუთარ მოქალაქეობაზე უნდა თქვა უარი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს დიდი ტვირთი მოაკლდებოდა, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. საბედნიეროდ, მესამე კურსზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატობა დავიმსახურე და ოჯახმაც ნაწილობრივ ამოისუნთქა.

პირველი კონკურსი 8 წლის ასაკში მოიგო. 2017 წელს კი საფრანგეთის ქალაქ სერჟი-პონტუაზში ახალგაზრდა პიანისტთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე,  „Piano Campus“-ზე ანამ ერთდროულად ექვსი მთავარი ჯილდო, მათ შორის, კონკურსის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. ამავე წლის მარტში პარიზში გამართული კონკურსის ლაურეატი გახდა. სწორედ აქ გაიცნო ანამ იან ოლივერი, Artmedeo-ს პრეზიდენტი და Anteprima Production-ის მენეჯერი.

მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის დასრულების შემდეგ მოიპოვა სრული გრანტი ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის. 2019 წლის დასაწყისში ანამ ასევე მოიგო სრული სასწავლო გრანტი პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის მუსიკალურ კოლეჯ-უნივერსიტეტში - Ecole Normale de Musique de Paris-ში.

2021 წლის თებერვალში გახდა კანადის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და ორი სპეციალური პრიზი მოიპოვა - 200 მონაწილიდან საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და დასახელდა კლასიკური ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად, ასევე დაიმსახურა „მაყურებელთა სიმპათიის პრიზი“.

ქართველი პიანისტი გამოსულა ამსტერდამის სამეფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიდერლანდებში. გამართული აქვს კონცერტები ესპანეთში -  მონტერეიში, სან-პედროს აუდიტორიაში და სარაგოსაში, მოცარტის აუდიტორიაში, საფრანგეთში - Yamaha-ს რეკომენდაციითა და სახელით, მან გამართა სოლო-კონცერტები მენტონისა და ლილის ფესტივალებზე, ხოლო იმავე ზაფხულს წარდგა 3,000 კაცის წინაშე ბორდოში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე.

ანა ყიფიანი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია კულტურა და სტილის კატეგორიაში.

 

ანა ყიფიანი, საფრანგეთი - Ravel Alborado Del Gracioso - Auvers Sur Oise