დავით ხასია, "ვებერ ტექნოლოჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი
ვებერ ტექნოლოჯის - ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარება
დავით ხასია ქართული ტექნოლოგიური კომპანია „ვებერ ტექნოლოჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია 2017 წელს დაარსა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებას. „ვებერ ტექნოლოჯის“ საქართველოში აწარმოებს დამტენ მოწყობილობებს ელექტრომობილებისთვის და ამ დროის განმავლობაში სტარტაპმა შეძლო არამხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანა.
2016 წლიდან დავითი ასევე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა წამყვან კომპანიებში საინჟინრო მიმართულებით. ამჟამად მთავარი ინჟინრის პოზიციაზეა კომპანია "იუჯითიში". ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და ავტომატიზაციის განხრით. თავის მომავალს მენეჯმენტში ხედავს, თუმცა არც ამ სფეროსთან ჩამოშორება სურს.
ადრეული ასაკიდან გაჩნდა ტექნოლოგიებისადმი ინტერესი. ჯერ კიდევ მე-9 კლასში პირველი პროტოტიპი შექმნა მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურის. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი აქტიურად ჩაერთო ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაში. მეგობრებთან ერთად აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში. ეს ინტერესი დროთა განმავლობაში კი გადაიზარდა საქმის სიყვარულში და თანამოაზრეებთან ერთად კომპანია დააფუძნა. 2017 წლიდან კი საქართველოში დაიწყეს ქართული ტექნოლოგიური პროდუქტის, ელ.მობილის დამტენების წარმოება. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო პარტნიორი შეიძინეს და გეგმავენ ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას. მათი უახლოესი მიზანია თანამედროვე საწარმოს შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ ბაზარს.
სტუდენტობის პერიოდში დავითმა დააფუძნა ორგანიზაცია „ეუჰაკი“, რომლის სახელითაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სტუდენტური ღონისძიება დაორგანიზდა. მათ შორის ჰაკათონები, ტექნოლოგიური საუბრები და სხვა. მსგავსი აქტივობების მიზანი ახალგაზრდების დაინტერესებაა ინჟინერიით, პროგრამირებით, გრაფიკული დიზაინით და ა.შ. უამრავი სტუდენტი თუ სკოლის მოსწავლე იღებდა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობას. ახალგაზრდები ერთ სივრცეში მუშაობენ, იცნობენ ერთმანეთს, ცვლიან აზრებს და რაც ყველაზე მთავარია, სწავლობენ ერთმანეთისგან გუნდურად მუშაობას. თუ როგორ უნდა დაალაგო სწორად დავალებები, რათა საბოლოო ჯამში მიიღო მუშა პროდუქტი.
გასულ წელს ახალ იდეაზე დაიწყო მუშაობა და შექმნა ახალი სტარტაპი „ჩარჯიქსი“, რომლის მიზანიც წარმოადგენს იმ ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც აუცილებელია ელექტრო ტრანსპორტის განვითარებისთვის. ჩარჯიქსი წარმოადგენს ერთგვარ გაქირავების სერვისს, პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ელექტრო მობილებს, სკუტერებს, მოპედებს და მათ დამტენ მოწყობილობებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააქირაოს საკუთარ მფლობელობაში არსებული დამტენი და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. მეორე მხრივ კი ხელი შეუწყოს ამ ქსელის განვითარებას.
ყველაზე მეტად ამ სფეროში მომწონს შესაძლებლობა, თავად შექმნა რაიმე ახალი და ამით ბიძგი მისცე სხვებს სიახლეებისკენ. ამასთანავე არ ხარ შეზღუდული გეოგრაფიულად. შენმა შექმნილმა პროდუქტმა მსოფლიოს უკიდურეს წერტილშიც კი შეიძლება იმუშაოს. ამის გააზრება დადებითად მოქმედებს მოტივაციაზე.
ფორბსის 30 წლამდელთა სიაში მოხვედრა დამატებითი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში საკუთარ თავთან. ეს არის მოტივაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით მოვეკიდო საკუთარ საქმეს.
დავით ხასია აქტიურად აგრძელებს საქმიანობას ტექნოლოგიების სფეროში. მისი მიზანია შექმნას, განავითაროს და ამით მეტი კომფორტი შეუქმნას სხვებს. 2019 წელს იგი გახდა Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში.
ვებერ ტექნოლოჯის ოფიციალური გვერდი
ავტორი