ნინი ჭანტურია & ლუკა ჩაგანავა, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია NS STUDIO-ს დამფუძნებლები
ახალი ეტაპი ქართულ არქიტექტურაში
ნინი ჭანტურია და ლუკა ჩაგანავა არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია NS STUDIO-ს დამფუძნებლები არიან. ახალგაზრდა არქიტექტორები ინდივიდუალიზმითა და ხარისხისადმი ერთგულებით, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ახალ სიტყვას ამბობენ. მათ მიერ 2013 წელს დაარსებული სტუდია დიდი წარმატებისკენ მიმავალ გზაზეა. აქ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტები იქმნება.
ადრეული ასაკიდან მცირე დეტალების, ფორმებისა და მარტივი სივრცეების შექმნის ინტერესი შემდგომში ორივესთვის არქიტექტურისადმი სიყვარულში გადაიზარდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მათ აღმოაჩინეს, რომ საერთო ინტერესები და მისწრაფებები ჰქონდათ და კომპანია ჩამოაყალიბეს. თავდაპირველად NS STUDIO-ს გუნდი მხოლოდ ორი ადამიანისგან შედგებოდა, რომელთა რიცხვიც 2019 წლამდე ხუთამდე გაიზარდა. პანდემიის პერიოდში კომპანიისთვის სწრაფი განვითარების ეტაპი დაიწყო და ამჟამად სტუდია 25 თანამშრომელს აერთიანებს .
2020 წელს საერთაშორისოდ ცნობილ ვებგვერდ archdaily-ზე NS STUDIO-ს პროექტები, - „ვინერია“ და „სახლი ართანაში“ განთავსდა და კომპანიის გლობალური ცნობადობისკენ პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. ArchDaily-ის მიერ „სახლი ართანაში“ 2022 წლის საუკეთესო ნაგებობის პრიზისთვის რამდენიმე კატეგორიაშიც იქნა ნომინირებული. მალე სხვა ცნობილი გამოცემებიც დაინტერესდნენ კომპანიის ნამუშევრებით და რამდენიმე თვეში, აღნიშნული პროექტები, რესტორან „ადრეს“ პროექტთან ერთად ესპანური გამომცემლობა Booq publishing-ის მიერ გამოშვებულ წიგნში - “Wineries Architecture”-ში გამოჩნდა. შედეგად მსოფლიომ არა მხოლოდ NS STUDIO-ს არქიტექტურის, არამედ ასევე საქართველოს მეღვინეობის კულტურის შესახებაც შეიტყო. მასშტაბური ხედვა, რასაც ისინი ახორციელებენ პროექტებში, ზოგადად ქვეყნის სოციალური და კულტურული განვითარებისთვის და ასევე ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული რეპრეზენტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა არქიტექტორებისთვის გამორჩეული პროექტი „მზიურის ხიდია“, რომლის მშენებლობაც 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სრულად ლითონისგან აგებული ურთულესი კონსტრუქცია მზიურის პარკისა და ზოოპარკის ტერიტორიებს დააკავშირებს. ის ერთდროულად საფეხმავლო ხიდისა და ველოხიდის ფუნქციას შეითავსებს. „მზიურის ხიდი“ საერთაშორისო ჟიურის რჩეულიც აღმოჩნდა და ICONIC award 2021: Innovative architecture-ის კონკურსში გამარჯვებაც მოიპოვა.
ვცდილობთ, ყველა კომპონენტი, რასაც არქიტექტურა მოიცავს, გაუმჯობესდეს – ჩვენი მიზანი ქართულ რეალობაში ახალი მიდგომების დანერგვაა.
NS STUDIO-ს დამფუძნებლები 2021 წლის 30UNDER30-ის გამარჯვებულები არიან კატეგორიაში კულტურა და სტილი. ნინისა და ლუკას 10-წლიანი გეგმით, NS STUDIO 400-500 თანამშრომლით დაკომპლექტებულ ძლიერ არქიტექტურულ კომპანიად იქცევა, რომლის ანალოგიც საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს.