ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ლელა სარიშვილი

ლელა სარიშვილი, სტუდია „არტ ფაქტორის“ დამფუძნებელი

 

უმიზეზოდ არაფერი არ ხდება

ლელა სარიშვილი წყალზე ხატვის სტუდია „არტ ფაქტორის“ დამფუძნებელი და 2016 წლის ტელეშოუ „ნიჭიერის“ ნახევარფინალისტია. როგორც თავად ამბობს, სტუდიის გახსნის იდეა მას შემდგომ გაუჩნდა, რაც პროექტში მონაწილეობის შედეგად ამ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. თავიდან მხატვარი ყველას სოციალური ქსელების საშუალებით ეხმარებოდა, თუმცა მოგვიანებით სტუდიის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღო.

2018 წლამდე სტარტაპერობისთვის ცოდნას აგროვებდა, მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, რომელთაგანაც გამორჩეული ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის მიერ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესმენტორობის პროგრამაა. აღნიშნულ პროექტში ლელა იმ თორმეტ იღბლიან ახალგაზრდას შორის მოხვდა, რომელთაც მენტორობას წარმატებული მეწარმეები უწევდნენ. სწორედ მისი მენტორის, ქეთი სიდამონიძისა და პროექტის ფასილიტატორების, ნინუცა ნანიტაშვილისა და მირიან ხომერიკის დამსახურებით 2018 წელს „დირსის“ კომპლექსში წყალზე ხატვის სტუდია „არტ ფაქტორი“ გახსნა, რომელიც ძირითადად 3-თვიან კურსებს, ვორკშოპებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს აერთიანებდა.

გარდა ამისა, ლელას მონაწილეობა აქვს მიღებული პრაღაში გამართულ ებრუს (წყალზე ხატვა) მეხუთე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში, სადაც საკუთარი ნამუშევარი სახელად „მშვიდობის მტრედი“ გაგზავნა. ასევე ხატავდა ბიზნესკონფერენციებზე (International Business Conference Batumi), ფესტივალებზე (ღამის სერენადები (ბათუმი), Open air (თბილისი), 4GB (საგურამო), Echowaves (ბათუმი)), კორპორაციულ საღამოებსა (SES 5th spring in Georgia) და სხვა ღონისძიებებზე.

ყველაფერი წყალზე ხატვით დაიწყო. 2016 წელს პირველად დავხატე წყალზე, საოცრება იყო, დღესაც მახსოვს წყალზე ფერების ცეკვით გამოწვეული აღფრთოვანება, სიმშვიდე და ამავდროულად საოცარი შინაგანი ენერგიის მოზღვავება.  შესაფერის სიტყვებს ალბათ ვერ ვიპოვი, თუმცა თუ ერთხელ მაინც დაგიხატავთ წყალზე, ალბათ მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, თუმცა პანდემიამ და თანმხლებმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი რამ რადიკალურად შეცვალა ახალგაზრდა მხატვრის კარიერაში. სტუდიის დროებით დახურვის შემდგომ მუშაობა გრაფიკულ დიზაინერად დაიწყო და საბოლოოდ ეს სფეროც იმდენად შეუყვარდა, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლაში (IDS) დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. მიიღო გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედიის მართვა, რეკლამირება, ანიმაცია, ვიდეომონტაჟი  და ა.შ.  მიაჩნია, რომ წყალზე მუშაობის განახლების შემდგომ, ახალი ცოდნა ცნობადობის გაზრდასა და ბიზნესის ბევრად უფრო წარმატებით წარმართვაში დაეხმარება.

სამომავლოდ ებრუს სასწავლო ვიდეოების ჩაწერას, საქართველოში საღებავებისა და სხვა საჭირო ნივთების შემოტანას და წიგნის „როგორ დავხატოთ წყალზე“ დაწერას/დახატვას გეგმავს. სახელმძღვანელო განკუთვნილი იქნება ყველა ასაკის მკითხველისთვის, საწყისი საფეხურებიდან ყველაფერი, რაც საჭიროა წყალზე ხატვისთვის, დეტალურად იქნება აღწერილი, რაც ბევრ ადამიანს  სწავლის პროცესს გაუმარტივებს.

ხშირად არის შემთხვევები, როცა რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება, რაღაცები ისე არ მიდის, როგორც მოველოდი, თუმცა ასეთ დროს ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს -  მთავარია, გავაგრძელო  მუშაობა და მჯეროდეს, რომ უმიზეზოდ არაფერი არ ხდება.

ლელა სარიშვილი, Forbes 30 Under 30-ის 2019 წლის გამარჯვებული კატეგორიაში ანტრეპრენიორები და მეწარმეები.