ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: გივი ბერიძე

გივი ბერიძე, კომპანია Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი

 

„თუ გინდა, წარმატებული იყო, ბოლომდე უნდა მიჰყვე რისკს“

გივი ბერიძე არის ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენიორი, კომპანია Edison Tech Solutions-ისა და ქართული სტარტაპის, KIKLIKO-ს დამფუძნებელი, ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების პროექტის, GCNG-ის ბიზნესასოციაციის საბჭოს წევრი.

4-5 წლის ასაკში გივის ძალიან აინტერესებდა ტექნოლოგიები და სულ უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა იმაზე, თუ ვინ და როგორ ქმნიდა მაგიურ მოწყობილობებს, რომლებითაც ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, თამაში და საქმის კეთება შეეძლოთ.

პერსონალური კომპიუტერი  მე-6 კლასში უყიდეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება. მალე გივიმ აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული პირველი ბიზნესიც წამოიწყო. მან შექმნა სხვადასხვა სერვერი, სადაც ადამიანები თამაშობდნენ და Marketplace-ში არსებული ნივთების რეალური თანხის სანაცვლოდ ყიდვა შეეძლოთ.

მე-9 კლასიდან კომაროვის სკოლაში გადასვლა გადაწყვიტა და იქ მათემატიკა-ფიზიკის კუთხით ცოდნის გაღრმავებაზე დაიწყო ზრუნვა. მე-12 კლასში სწავლისას კი პირველ ჰაკათონის ტიპის კონკურსში, hack@macs-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა. მეგობრებთან ერთად მობილური აპლიკაციის შექმნისთვის, გივი უნივერსიტეტის რჩეული გახდა და სწავლის გაგრძელებაც სწორედ იქ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გადაწყვიტა.

უნივერსიტეტში სწავლისას კურსელებთან ერთად ბიზნესებისთვის სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და პროდუქტების შექმნა დაიწყო, რომლებიც მათ პრობლემების ტექნოლოგიურად გადაჭრაში ეხმარებოდა. გივიმ მეგობრებთან ერთად ისეთი ორგანიზაციებისთვისაც გააკეთა პროექტები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, იუნესკო და სხვა. ამგვარად, გაჩნდა გუნდის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს აწარმოებდა და ბაზარზე გაიტანდა. დღეს ამ გუნდის მიერ შექმნილი და წარმოებული ათობით მოწყობილობა დგას საქართველოს მასშტაბით და 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

ჩემი სურვილი იყო, ოდესმე, ტექნოლოგიურ ბაზარზე საკუთარი ხელწერა დამეტოვებინა და ისეთი პროდუქტები შემექმნა, რომელთაც მილიონობით ან, სულაც, მილიარდობით ადამიანი გამოიყენებდა.

2017 წელს, 19 წლის ასაკში თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Edison Tech Solutions-ი დააარსა. Edison-ის გუნდმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ შორის აღსანიშნავია გელათის ტაძრის მონიტორინგის სისტემის დამზადება, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად სადეზინფექციო კაბინის შექმნა, გარდა ამისა, კომპანია ავტორია არაერთი ჭკვიანი მოწყობილობის, რომლებიც ბიზნესპროცესების გამარტივებას უწყობენ ხელს.

2021 წლის სექტემბერში გივი ბერიძემ სტარტაპი „კიკლიკო“ დააარსა და ხმოვანი GIF-ების პლატფორმა KIKLIKO.com-ი შექმნა. ის საერთაშორისო ბაზარზე უკვე რამდენიმე Messenger-შია ინტეგრირებული და მისი გამოყენების შესაძლებლობა მილიონობით ადამიანს აქვს.

გივი ბერიძე 2018 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.