ვახტანგ გოგოხია, „Golden Fleece Token“-ის შემქმნელი
"ოქროს საწმისი" - პირველი ქართული კრიპტოვალუტა
ვახტანგ გოგოხია ტექნოლოგიური კომპანია „ოქროს საწმისის“ დამფუძნებელი და პირველი ქართული კრიპტოვალუტის "Golden Fleece Token"-ის შემქმნელია. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ის 2010 წელს დასაქმდა, ხოლო 2017 წლიდან ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზეც მუშაობს, სმარტ-კონტრაქტების მიმართულებით.
სხვადასხვა დროს ვახტანგი კონსულტაციებს უწევდა ისეთ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური გუნდი, ამასთანავე გახლდათ Spotcoin-ისა და Bixtrim-ის ბლოკჩეინ-კონსულტანტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის მოწვეული სპიკერი და NEO Black Sea Hackhaton 2018-ის გამარჯვებული.
ვახტანგს ქართულ უწყებებთან მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს - ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს კრიპტოვალუტების და მათ მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ტრენინგს უტარებდა.
თუმცა ვახტანგის გამოცდილება მხოლოდ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს როდი უკავშირდება: ის ათზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობს ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის, კერძოდ ERP-ის (Enterprise Resourse Planning) პროგრამებზე - ამ პერიოდში მან ათზე მეტი წარმატებული პროექტი დანერგა SAP ERP-ის, SAP Business One-ისა და 1C ERP-ის მიმართულებით ისეთ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებში, როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „კავკასუს ონლაინი“, „რომპეტროლი“, „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
Forbes-ის 30-წლამდელთა კონკურსში გამარჯვების შემდეგ მქონდა როგორც წარმატებული პერიოდი, ასევე ჩავარდნებიც. ცხოვრება ჭადრაკის დაფასავითაა, ხან თეთრ უჯრაზე უნდა გავიაროთ, ხან - შავზე. მთავარია, ყოველი რთული პერიოდისგან სასარგებლო გაკვეთილის მიღება შევძლოთ და მაშინაც ვიყოთ მადლიერნი ცხოვრების მიმართ.
პროფესიული საქმიანობის გარდა, ვახტანგი აქტიურადაა ჩართული ნუმიზმატიკასა და ქველმოქმედებაში. 2021 წელს მის მიერ დაფუძნებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა, 500-მონეტიანი ტირაჟით. ამასთანავე, 2016 წლიდან ის საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარი კლუბი თბილისი აკადემიის“ წევრია, რომლის პრეზიდენტიც იყო 2018-2019 წლებში.