ნინა თიბილაშვილი, მოფარიკავე და პარამოფარიკავე
ყველაზე სუსტი მოწინააღმდეგეც ღირსეულია მეტოქეა, ამიტომ სპორტში თითოეული მოფარიკავე კონკურენტია
ნინა თიბილაშვილი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც არა ერთ წარმატებას მიაღწია სპორტის ამ სახეობაში. იგი სრულიად შემთხვევით საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა და სწორედ ამ ეტაპიდან იწყება მისი ისტორია.
ფარიკაობა 17 წლის ასაკში დაიწყო და სულ რაღაც 4 თვის შემდეგ მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში ნინა ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია (ხმალსა და რაპირაში). ამას გარდა 2017 წელს პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (ხმლით ფარიაკაობაში) და 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა (ტიკიო, 2021).
საქართველოში ნაკლებად პოპულარულია ფარიკაობა, მითუმეტეს პარაფარიკაობა. თუმცა ნინა და მისი გუნდი აქტიურად ცდილობს საზოგადოებამდე სწორად მიიტანოს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომლებსაც სპორტული სული აქვთ და ფიზიკურობა არ აბრკოლებთ.
ჩემი აზრით სპორტული ცხოვრების წესით ჯანსაღად სუნთქავ და გრძნობ, რომ ნამდვილად არსებობ.
ნინასთვის პირველი გამარჯვება ყველაზე ტკბილია, რადგან სწორედ ეს გახდა მისთვის სტიმული, რომ შეჯიბრიდან მედლის გარეშე აღარ დაბრუნებულიყო. მისი თქმით შეჯიბრის წინ ადრენალინის მოზღვავება და რაღაც დონეზე თანმხლები ნერვიულობა მუცელში პეპლების ტრიალივითაა და ეს შეგრძნება აძლევს მას უდიდეს სტიმულს მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
პარამოფარიკავეები კვირაში 6 დღე ვარჯიშობენ, შეჯიბრის პერიოდში კი რა თქმა უნდა ეს დრო და დატვირთვა უფრო იმატებს. ვარჯიშობენ როგორც ფიტნესს, ასევე უშუალოდ ფარიკაობას, მაქსიმალურად იხარჯებიან რათა შეჯიბრზე შესაბამისი შედეგი დადონ და გამარჯვება მოიპოვონ.
დღეს, ნინა თიბილაშვილი 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში საუკეთესო მოფარიკავის ტიტულის მფლობელია.