მარიამ კუპატაძე, Flashgrid Georgia LLC-ს დირექტორი
Oracle Certified Master ანუ უნარების, ცოდნისა და შესაძლებლობების უმაღლესი დონე
მარიამ კუპატაძე ტექნოლოგიური კომპანია Flashgrid Georgia LLC-ის დირექტორი და Oracle-ის სერტიფიცირებული მასტერია - ამ დრომდე მარიამი ერთადერთი ქართველია, რომელსაც ეს ავტორიტეტული წოდება აქვს მიღებული. ამასთანავე, მარიამი ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვა მიმართულებებითაც ვითარდება - საერთო ჯამში, IT-სფეროში მან 18 სერტიფიკატი მოიპოვა.
Forbes-ის ოცდაათწლამდელების კონკურსში გამარჯვების შემდეგ მარიამის კარიერა საინტერესოდ განვითარდა: 2019 წელს გამოიცა წიგნი „Oracle High Availability, Disaster Recovery, and Cloud Services“, რომლისთვისაც მარიამმა ერთი თავი მოამზადა, სახელწოდებით „Oracle Sharding“. 2020 წლის თებერვალში Oracle-ის შესახებ კიდევ ერთი წიგნი - „Oracle GoldenGate With Microservices: Real-Time Scenarios with Oracle Golden Gate“ გამოიცა, - ამჯერად, მარიამის თანაავტორობით.
ყოველთვის დაიმახსოვრე ბრძანებები ზეპირად, რადგან მინიმუმ ერთხელ მაინც არ გაგიმართლებს და მისი მოძებნის დრო არ გექნება.
2021 წელს მარიამი მიიწვიეს BTU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების (OCA) ლექტორის პოზიციაზე. 2019 წლიდან დღემდე მან არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა როგორც Oracle Technology Network-ის, ასევე ORAWORLD-ის პლატფორმებზე.
მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება მარიამს საშუალებას აძლევს, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა სხვებს გაუზიაროს: გასულ წლებში ის რამდენიმე ვირტუალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, მათ შორის APAC Oracle Users Groups Community-ის (APACOUC) და Luxembourg Oracle Users Group-ის (LUXOUG) კონფერენციებზე სპიკერის რანგში იყო მიწვეული. ამასთანავე, მარიამის ტექნოლოგიური ბლოგი - dba010.com, Oracle-ის შესახებ მსოფლიოში შექმნილ 60 საუკეთესო ბლოგს შორის მოხვდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარიამს მინიჭებული აქვს Oracle ACE-ის საერთაშორისო სტატუსი, რომელიც ნიშნავს აღიარებას და ჯილდოს Oracle-ის საზოგადოებისთვის ცოდნის გაზიარებაში შეტანილი წვლილისთვის.
იყავი ისეთივე უნიკალური, როგორიც Primary Key-ა.