ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ამბაკო ბრეგვაძე

ამბაკო ბრეგვაძე, "ვარდის სახლის" დამფუძნებელი

 

პროფესია, როგორც მემკვიდრეობა, მამის დაწყებული საქმის ოსტატური გაგრძელება

სამასზე მეტი ვარდის სახეობა და მათთან ერთად სხვადასხვა მარადმწვანე დეკორატიული მცენარე შიდა თუ გარე გამწვანებისათვის – ეს ამბაკო ბრეგვაძის “ვარდის სახლია”.

ახალგაზრდა მეწარმე ვარდების მოვლის პროცესს ხელოვნებად აქცევს. “ვარდის სახლის” დირექტორის მთავარ მიზანს საქართველოში ვარდის კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მისი კოლექცია სწორედ განსხვავებული, უცხო და ეგზოტიკური ფერისა თუ სურნელის მქონე ვარდებისგან შედგება.

ვარდი ყვავილების დედოფალია!

ასე ამბობს საქართველოში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობის მფლობელი, რომელმაც უკვე ათი წელია დეტალურად შეისწავლა მისი ხასიათი და გამოცდილებით იცის როდის რა სჭირდება. ყვავილს, რომელიც პრეტენზიული ხასიათით გამოირჩევა, განსაკუთრებულად უვლის. ახალგაზრდა აგრონომს ჭიათურის სოფელ ქვაციხეში  300–ზე მეტი სახეობის ვარდი აქვს და წელიწადში ათი ათასობით ძირს ამრავლებს. ეს მისი პროფესიაცაა და საყვარელი საქმეც. ამიტომაც ამბობს ასე თამამად უზარმაზარი სათბურის მეპატრონე, რომ ვარდის გამრავლება და მოვლა რთული არ არის. მაშინაც კი თუ 35 ათას ნერგთან არც თუ იშვიათად მარტო მუშაობს.

ამბაკოსთვის საქმე იმ გამოცდილებამ გაამარტივა, რომელიც მამასთან ერთად, 10 წლის წინ ფეხდაფეხ მუშაობის დროს შეიძინა. ამბობს, რომ წლების გასვლის შემდეგ უკეთესად ესმის ის, რასაც მამა ეუბნებოდა და ასწავლიდა.

ამბაკოს საბოლოო მიზანი, მამისას ემთხვევა, უნდა რომ ვარდი ყველა ადამიანის ეზოში ყვაოდეს. მისი სურვილები უტოპიად არ ეჩვენება. პირიქით, მუშაობს იმისთვის, რომ მიზანი რეალობად აქციოს. დაიწყო ცოდნის გაზიარება სხვისთვის, იქნება ეს 5 წლის ბავშვი, თუ 60 წლის ადამიანი. არ აქვს მნიშნელობა, ვისაც აინტერესებს, ყველას ასწავლის და უტარებს სათანადო ტრენინგს. ფიქრობს ეს პირველ რიგში კეთდება იმისთვის, რომ მისგან შეძენილ ვარდს მომხარებელმა სწორად მოუაროს და გაახაროს.