ნანა ბაგალიშვილმა დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელია, როდესაც კახეთის ქალაქ წნორში “ცოდნის კაფე“ გახსნა.
“დადე შენი აგური ცოდნის კაფეს ასაშენებლად!“ – ასე მოგვიწოდებს ნანას მიერ ორგანიზებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც იგი საგანმანათლებლოდა კულტურული ცხოვრების გააქტიურებას ცდილობს წნორში – ქალაქში, რომელიც მსგავს გამოცოცხლებას ნამდვილად საჭიროებს.
ნანამ „ცოდნის კაფე“ 2016 წლის სექტემბრიდან წამოიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiatives“, მდგრადი განვითარების მოდელის შექმნაზეა ორიენტირებული. საგანმანათლებლო კაფეს იდეა საკუთარი პრობლემიდან წარმოიქმნა, რადგან რეგიონში არ არსებობდა კულტურულ-შემეცნებითი კერები.
თავდაპირველად, კაფეს აქტივობები მის თანატოლებსა და თანამოაზრეებზე გათვალა. შექმნა ადგილი, სადაც ახალგაზრდები ჩაერთვებოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, გაიცნობდნენ ადამიანებს, ან უბრალოდ, განმარტოვდებოდნენ საკუთარ თავთან წიგნის კითხვით თუ ინტერნეტში მუშაობით.
საქმის კეთების პროცესში აღმოაჩინა, რომ ასაკოვან ადამიანებს არანაკლებ სურდათ კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, ახალი ცოდნის მიღება და თავიანთი ცოდნის გაზიარება.
ამიტომ, მის ძირითად საქმიანობას, ხანდაზმულთა სპეციალური ჯგუფური პროგრამები და კონკურსები დაემატა. მათ შორის ყველაზე პოპულარული „წლის საუკეთესო ბებია-პაპას“ კონკურსია. ღონისძიებებით ხანდაზმულებს ნაცრისფერ დღეებს უფერადებს, რაც ნანას განსაკუთრებით აბედნიერებს.
კაფემ გახსნიდან დღემდე უამრავ ღონისძიებას უმასპინძლა. თუმცა ნანა არ აპირებს ამაზე შეჩერებას და სურს ააშენოს ახალი სივრცე, გაფართოვდეს და ადგილობრივებს კიდევ უფრო უკეთესი გარემო შეუქმნას არაფორმალური განათლების მისაღებად და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.