ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ნინო ნანიტაშვილი

Ნინო Ნანიტაშვილი, ციფრული განვითარებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის კონსულტანტი

 

თანამედროვე ტექნოლოგიები ათანაბრებს ყველას - შლის გეოგრაფიულ საზღვრებს და შეუძლია, შეამციროს უთანასწორობა

ნინუცა ნანიტაშვილი ციფრული განვითარებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის კონსულტანტია. ის ამჟამად Google-ის დეველოპერთა ეკოსისტემის ევროპული გუნდისთვის კონტრაქტორად მუშაობს, რაც მთელ რეგიონში სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას გულისხმობს სფეროს პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ნინუცა ასევე არის Impact Hub Tbilisi-ის Startup Pre-Accelerator-პროგრამის ორგანიზატორი და მენტორი.

განათლების მნიშვნელობაზე მშობლები ბავშვობიდან ბევრს ესაუბრებოდნენ. ის თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, დამამთავრებელ კლასში კი Flex-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2010 წელს, ნინუცამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა და პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია, თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ მის გარშემო მოვლენების აღსაქმელად სოციოლოგისა და სოციალური ფსიქოლოგიის შესწავლა უფრო დააინტერესებდა. აღსანიშნავია, რომ მან სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის მიღება შეძლო და საქართველოში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ბრიტანეთში ისწავლა.

ტექნოლოგიურ სფეროს პირველად 2011 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, კავშირგაბმულობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში მუშაობის დროს დაუკავშირდა. მაშინ მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო სფერო, რომელიც შესაძლოა, სოციალური ცვლილებებისა და ეკონომიკური წინსვლის მამოძრავებელ ძალად ქცეულიყო. ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე საქართველოს მონიშვნის მიზნით ეკონომიკის სამინისტროში მუშაობისას, სადაც უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა ევალებოდა, Google-ს დაუკავშირდა და თანამოაზრეებთან ერთად, 18 წლის ასაკში, ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიურ სფეროზე ორიენტირებული პირველი პროფესიული საზოგადოება, Google Developer Group-ი ჩამოაყალიბა.  ასევე Google-ის მხარდაჭერით დააფუძნა Women Techmakers Community, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში ქალების როლისა და ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

გჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების! გამოცადეთ თქვენი თავი სხვადასხვა საქმესა და სფეროში, მით უმეტეს - ახალგაზრდობაში, როცა დიდ რისკზე წასვლა შედარებით მარტივია. შეიქმენით მრავალფეროვანი წარმოდგენა სამყაროზე, შეხვდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან, იყავით მუდმივად საკუთარი თავისა და ახალი ცოდნის ძიებაში, გაიღრმავეთ ინტერესები და თქვენი წარუმატებლობა სხვას არასდროს დააბრალოთ.

2013-2014 წლებში ნინუცამ „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ისწავლა. 2015 წელს კი თანამოაზრე ენთუზიასტებთან ერთად, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი (ISF) დააარსა. ამ დროიდან მუშაობდა სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტზე ორგანიზაცია „ელვაში“ (Elva), სადაც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში კრიზისისა და კონფლიქტების მართვაში ეხმარებოდა. მათ შორის იყო სამშვიდობო პროექტები საქართველოში, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ნდობის აღდგენისთვის კომპიუტერული თამაშების, გაფართოებული რეალობის (VR) თუ სხვა მიმართულებებით.

2016 წელს მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2019-2020 წლებში კი ბრიტანეთის საელჩოსა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი, ჩივნინგის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა. პროგრამის დახურვა წარჩინებით შეძლო და დეპარტამენტმა, რომელიც მსოფლიოში სოციალური მეცნიერებების კუთხით მეორე ადგილს იკავებს, ნინუცა სტუდენტურ ელჩადაც დანიშნა.

ათი წლის განმავლობაში ნინუცა მოხალისეობრივად მართავდა ტექნოლოგიურ კომუნებს საქართველოში და ასობით ბავშვსა და ქალს ტექნოლოგიების გაცნობაში ეხმარებოდა. ბოლო დროს ის საერთაშორისო ორგანიზაციებს კონსულტაციებს უწევდა სტარტაპებისა და ტექნოლოგიების სფეროს შესახებ. ეს ორგანიზაციებია მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ნობელიატი მუჰამად იუნუსი და მისი გრამეენის გუნდი, USAID და სხვა. ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ირგვლივ ცოდნის გასაზიარებლად ლექციებს კითხულობდა ISET-შიც.  

ნინუცას ენთუზიაზმი და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჯერ კიდევ 2016 წელს მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალგაზრდა ლიდერთა ჯილდო გადასცა. გარდა ამისა, ის ევროკომისიის ჯილდოს მფლობელია სოციალური გავლენის სფეროში. ნინუცა სიტყვით გამოვიდა როგორც TEDx-ის ახალგაზრდულ კონფერენციაზე, ისე არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, ასევე გახდა One Young World-ის ცნობილ გლობალურ ღონისძიებაზე დელეგატი და ევროკომისიის მიერ შერჩეული „მშვიდობის ელჩი“. ის ასევე მიწვეული იყო სპიკერად Forbes Under 30-ის სამიტზე. ნინუცა ნანიტაშვილი 2020 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.